მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წერაქვი 27-29 აგვისტოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ "ერთიან კავკასიას" უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფესტივალის ორგანიზატორებმა რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომით და პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ა.(ა)ი.პ "ერთიანი კავკასია" და ფონდი "სხვა სივრცე" ("Other Space Fundation") ტარდება.
პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა საორგანიზაციო საკითხებსა და ტექნიკურ დეტალებზე, ასევე ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ფესტივალის კოორდინატორი აბდულა მეხტიევი, ფესტივალის ორგანიზატორი ვიტეკ ჰებანოვსკი, მედია საშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ფესტივალის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტიურ მონაწილეობას იღებს ფესტივალის ორგანიზებაში და იმედი მაქვს, რომ ეს სამი დღე ძალზედ მნიშვნელოვანი და შინაარსიანი იქნება თითოეული მონაწილისა და სტუმრისთვის", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.
ფეტივალი "ერთიანი კავკასია"– "ONE CAUCASUS", საქართველოში 2014 წლიდან იმართება და ახორციელებს გრძელვადიან მრავალფეროვან პროგრამას სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში.
ფესტივალი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს და მოხალისეებს როგორც კავკასიის რეგიონიდან, ასევე მთლიანად მსოფლიოდან. ფესტივალი 27 აგვისტოს 12:00 საათზე სოფელ წერაქვში საზეიმოდ გაიხსნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"