თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?" მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი გახსნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანიამ 25 ქვეყნის 60 გუნდის ინტელექტუალებს სიტყვით მიმართა და კლუბის საერთაშორისო ასოციაციას ჩემპიონატის თბილისში ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?" მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში პირველად იმართება და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ, ჩვენ ვმასპინძლობთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას, მეორე მხრივ კი, თამაში - "რა? სად? როდის?" ეწევა განათლებისა და ინტელექტის პოპულარიზაციას, რაც ახალგაზრდების შემდგომი განვითარებისთვის, მათი მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი და სპონსორია", - განაცხადა ნარმანიამ.
მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები სასტუმრო "Hotels & Preference Hualing Tbilisi"-ში გაიმართება. ღონისძიებაზე სათამაშოდ დედაქალაქს მსოფლიოს უძლიერესი მოაზროვნეები ეწვივნენ, მათ შორის - ალექსანდრ დრუზი, მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ბალაშ კასუმოვი, ილია ბერი, ელენა პოტანინა და სხვ. ჩემპიონატს კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეი კოზლოვიც ესწრება.
საქართველოს ღირსებას ოთხი გუნდი იცავს: დავით რაფავას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა და ალექსანდრე თარხან-მოურავის ექვსეულები. რაფავას ექვსეული უკვე ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში - 2012 და 2014 წლებში, თუმცა პრიზიორებში მოხვედრა დღემდე რჩება ქართველი მოაზროვნეების ძირითად მიზნად.
"აღსანიშნავია, რომ საკუთრივ "რა? სად? როდის?"-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია გახსნითი ტურნირი "მზის და ვარდების მხარეო", შეკითხვების თემატიკა - საქართველო და თბილისია და მასში მონაწილეობას მხოლოდ უცხოელი მოაზროვნეები მიიღებენ. პროფესიონალთა თამაშების პარალელურად, აღნიშნულ პერიოდში თბილისი თამაშის "რა? სად? როდის?" მოყვარულთა მე-3 მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. ჯამში დედაქალაქს 1000-ზე მეტი მოაზროვნე და თამაშის მოყვარული ეწვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"