კინოთეატრ "ამირანში", დღეს, 16:00 საათზე, მარტინ სკორსეზეს ფილმის "უოლ სთრითის ნამდვილი მგლის" უფასო კინოჩვენება გაიმართება.
ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. ჩვენების ორგანიზატორია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" და კინოთეატრი "ამირანი".
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის ჩვენება თბილისში ჯორდან ბელფორტის სტუმრობას უკავშირდება.
"Straight Line Persuasion (დარწმუნების ხელოვნება) - ამ სახელწოდების პროგრამით "უოლ სთრითის ნამდვილი მგელი", ჯორდან ბელფორტი თბილისში მასტერკლასს გაუძღვება, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო კომპანია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" წარადგენს. მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 28 ნოემბერს შედგება.
ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია მსოფლიოში. წლის განმავლობაში, ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს და მსმენელს გამოცდილებასა და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებს უზიარებს. დღეს, ჯორდან ბელფორტის საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა სახელწოდებით Straight Line Persuasion - ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსნემელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. ბელფორტის მიმდინარე წლის კალენდარშია სან პაულო, ფრანკფურტი, მოსკოვი, მელბურნი და ბანგკოკი. 2015 წლის ტურნეს, ჯორდან ბელფორტი 28 ნოემბერს თბილისის მასტერკლასით დაასრულებს", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"