სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სასოფლო დასახლებების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მმართველი კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილე, მაია გუნცაძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), აშშ-ის აგარარული დეპარტამენტი (USDA), და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან (FAO) კონსულტაციის შედეგად, საქართველო შეირჩა ერთ-ერთ პილოტურ ქვეყნად, სადაც განხორციელდება პროექტი და მომზადდება სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმა (SPAERS).
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული გეგმის მიზანია ქვეყანამ აწარმოოს ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საკუთარი სტატისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობები გააძლიერონ. მისივე ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს მონაცემთა შეგროვების, გავრცელების და გამოყენების კოორდინირებული სტატისტიკური სისტემის შექმნას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"