ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში, ლუბლიანას ქუჩაზე, "დემოკრატიის ინსტიტუტმა" და "მემარცხენე ალიანსმა" კლინიკის ექიმებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს გამწვანებული ბაღის განადგურების ხარჯზე მშენებლობას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის. მათი თქმით, ტერიტორიაზე იგეგმება აღნიშნული მწვანე საფარის, ხეების განადგურება და მშენებლობის დაწყება. "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა ამის დამადასტურებლად ჟურნალისტებს ის ბანერიც აჩვენა, სადაც აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე ათსართულიანი საოფისე შენობის აშენება იგეგმება.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აღნიშნულ ბანერზე მშენებლობის გასაპროტესტებელი ბანერები გააკრეს.
პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" და ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებენ, აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოძიება დროულად აწარმოონ.
"ჩვენ ამ წლის ზაფხულში მივმართეთ პროკურატურას, რათა გამოძიება დაეწყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით. კლინიკას არ გააჩნია ნებართვა, რომ მოჭრას ამ ტერიტორიაზე ხეები. ჩვენ მერიისგან მივიღეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ მათ პროკურატურას გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართეს, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს უნებართვო ხეების ჭრა კლინიკის ტერიტორიაზე", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
"მერიიდან პროკურატურას გადაეცა მოთხოვნა რომ შეჩერებულიყო ხეების ჭრა ამ ტერიტორიაზე. მართალია, ამ ეტაზე ხეების მოჭრა შეჩერებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ საბოლოოდ აიღეს ხელი საკუთარ განზრახვაზე. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიციას, აღნიშნულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს. რა აზრი აქვს მილიონი ხის დარგვას თუ მილიონ ნახევარი ხე გაიჩეხა? ჩვენი პარტია და ეს ექიმები მზად ვართ დარაჯად დავდგეთ და ერთი ხის მოჭრის უფლებაც კი არ მივცეთ", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.