საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრა, რომელსაც პრემიერი, მინისტრები და ბიზნესსექტორი ესწრებოდნენ, ძალიან სასარგებლოა.
ამის შესახებ ზვიად ჭუბმურიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც DCFTA-ს თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში საჯარო დიალოგი მიმდინარეობს.
„ასეთი ტიპის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თავისთავად ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან აქ ხდება სწორედ იმ საკითხების განხილვა, რომელიც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებული იყო ის თემა, რომ აღვნიშნეთ ჩვენ, თუ სად ვდგავართ, როგორი პოზიციები გვაქვს, რას ვაპირებთ 2017-2018 წლებში სამომავლოდ და როგორ სრულდება იმპლემენტაციის საკითხი, რასაც ჰქვია ევროპასთან დაახლოება”, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული თემები არ იყო, თუმცა კონკრეტულად დაისახეს ის, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია ბიზნესსა და სამთავრობო სექტორს შორის, ასევე ბიზნესასოციაციებსა და მთავრობას შორის.
„ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა“,- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.
მრგვალი მაგიდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მას მინისტრთა კაბინეტის, ბიზნესასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საერთაშორისო ორგანზიაციების წარმომადგენლები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.