ფოთის პორტში ე.წ. მიწახაპია გემი პარასკევს შემოვა და არხის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მენეჯმენტში განუცხადეს. ნავსადგურის ინფორმაციით, იმისათვის, რომ არხი დაუბრუნდეს ჩვეულებრივ უსაფრთხო, სანავიგაციო სიღრმეს, მისი დაღრმავების სამუშაოებს 10 დღე დასჭირდება.
ფოთის ნავსადგურში ასევე განმარტავენ, რომ ნავსადგურის საკუთრებაში არსებული მიწახაპია გემი „ნიკო ნიკოლაძე“ გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს.
უამინდობის გამო ფოთის პორტი გემებს რამდენიმე დღეა შეზღუდვით იღებს. ამის მიზეზი ძლიერი ღელვის შედეგად სანაპირო ზოლზე დიდი რაოდენობით ქვიშის დაგროვება გახდა.