იმ ხალხის ციფრებს რომ დავეყრდნოთ, ვისაც ორჯერ შეეშალა და ორჯერ ნაკლები ციფრები მოიკვლიეს წინასაარჩევოდ, ალბათ არასერიოზული იქნება, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ნაწილიც გუშინ გახდა ცნობილი.
ჯეჯელავას განმარტებით, ზუსტად ორჯერ ნაკლები იყო IRI-ის მიხედვით წინასაარჩევნო კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა.
„ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო გამოცდილებით, ძალიან შორს არის რეალობისგან IRI-ის ციფრები. ამხელა შეცდომების შემდეგ მაინცდამაინც მაღალ ნდობას ჩემში აღარ იწვევს IRI-ის ციფრები. ჩვენ ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ ყველა კვლევის შედეგებს, რომელიც გამოქვეყნდება. ჩვენ თვითონაც გვენება ამ მიმართულებით სამუშაო ჩატარებული. უბრალოდ, იმ ხალხს ვისაც ორჯერ შეეშალა, ორჯერ ნაკლები ციფრები მოიკვლიეს წინასაარჩევოდ, იმათ ციფრებს რომ დავეყრდნოთ, არასერიოზული იქნება ალბათ“, -განაცხადა ჯეჯელავამ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია. კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15%, „ევროპული საქართველო“ - 7%, „ლეიბორისტული პარტია“ - 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, არცერთი - 15%, არ მაქვს პასუხი 20 %.
პოლიტიკოსთა რეიტინგში პრეზიდენტი მარგველაშვილი ლიდერობს 67%-ით. მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა (65%), პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 55%-ით კი მესამე ადგილზეა.
გამოკითხვის შედეგები 3 აპრილს გამოქვეყნდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"