29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ პროექტს "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე”. პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, 29 მაისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ცნობილ გერმანელ მწერალ კატია ლანგე-მიულერთან ლიტერატურული საღამო მოეწყობა.
”კატია-ლანგე მიულერი 1951 წელს აღმოსავლეთ ბერლინში დაიბადა. ბავშვობაში იგი სკოლიდან „არასოციალისტური ქცევის“ გამო გამორიცხეს. კატია ოთხი წელი მუშაობდა აღმოსავლეთ ბერლინის გაზეთისთვის „ბერლინერ ცაიტუნგ“. შემდეგ 6 წელი ბერლინის ქალთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა მომვლელად. 28 წლის კატია ლაიფციგის იოჰანეს ბეხერის ინსტიტუტში ჩაირიცხა ლიტერატურის ფაკულტეტზე და აქედან იწყება მისი სამწერლო მოღვაწეობაც. მწერალი გარკვეული პერიოდი მონღოლეთში ცხოვრობდა, სწავლობდა და ულან-ბატორში ვილჰელმ პიკის ხალიჩების ქარხანაში მუშაობდა. 1984 წელს კატია დასავლეთ ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. მას მიღებული აქვს გერმანული ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოები, როგორიცაა: ინგებორგ ბახმანის პრიზი, ალფრედ დობლინის პრიზი და კასელერის ლიტერატურული პრემია. 2016 წელს კატია, როგორც მიწვეული პროფესორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს პოეტიკაში”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, პროექტის "პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე" ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.
”ეს პროექტი ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იმართება ორი ქვეყნის მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები კითხვები და რეზიდენციები. თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.-03.06.2017) ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. პროექტით დაგეგმილია ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასთან და კატია პეტროვსკაიასთან. ლიტერატურული საღამოების გარდა, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება ორი პანელ-დისკუსია „ევროპა, როგორც იდეა“ და „Angry White Man“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე განმარტებით, პროექტი „პერსპექტივა - საუბრები ლიტერატურაზე“ მხოლოდ ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. 6 გერმანელი და 6 ქართველი ავტორი "დაწყვილდება" და ქვეყნის გაცნობის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთად იმოგზაურებენ.
”ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში წიგნის სახით გამოიცემა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კი მოხდება ამ წიგნის პრეზენტაცია. ამას გარდა, ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამებში. ამგვარად, გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისთვის ეს პროექტი, რომლის ავტორი და კურატორი ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია, თავისი შინაარსით მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს, როგორც ქვეყნის წარსადგენად”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"