ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის, 8-11 ივნისს, „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, კვირეული სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება 8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივში, 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების, „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
9 ივნისს, 17:00 საათზე, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარკეთილის მედიათეკაში, ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი ჩატარდება. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები გადაეცემათ.
10 ივნისს, ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე საზაფხულო კინოჩვენება მოეწყობა.
11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ.