ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.
როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბერლინის კედელი დანგრევის შემდეგ თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა.
”9 ნოემბერი არის ბერლინის კედლის დაცემის დღე. ბერლინის კედელი დაახლოებით 30 წლის მანძილზე ყოფდა გერმანიის დედაქალაქს. კერძოდ, დასავლეთ ბერლინი, გერმანიის დედაქალაქის დაახლოებით 3/4 ჩასმული იყო ბეტონის კედელში და დასავლეთ ბერლინს არ ჰქონდა გასასვლელი გერმანიის სხვა ტერიტორიებთან. ბერლინის კედელი იყო სიმბოლო უსამართლობის, აგრესიის, ქალაქის გახლეჩვის, ცივი ომის, ხოლო მისი დანგრევის შემდეგ ის გადაიქცა თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გერმანიაში, საქართველოს გერმანელმა მეგობრებმა ბერლინის კედლის ფრაგმენტი მას საჩუქრად გადასცეს ნიშნად იმისა, რომ ყველა ძალადობრივად და უსამართლოდ აღმართული კედელი, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ რამდენიმე გვაქვს, დაინგრევა. ამიტომ, ამ კედლის გადმოცემის ცერემონიალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხაზს უსვამს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას”, - განაცხადა გუშინ ლადო ჭანტურიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"