„სამართლიანი არჩევნები” ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ აცნობეს, ორგანიზაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდა. სადამკვირვებლო მისია 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა.

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემებზე დაყრდნობით, ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა საარჩევნო უბნების 99.7%-ზე, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან (99.3%). გამონაკლისს წარმოადგენდა ოზურგეთის #59 საარჩევნო უბანი დაბა ნასაკირალში, სადაც სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას, რაც ოზურგეთის ოლქში მერის არჩევნების შედეგეზე გავლენას მოახდენდა. მიუხედავად ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის მთლიანობას საფრთხე არ შექმნია და საბოლოოდ ამომრჩევლის ნება შემაჯამებელ ოქმში სათანადოდ აისახა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 15, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 18 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 4 შენიშვნა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში. ორგანიზაციამ ინფორმაცია დამკვირვებლების 99.7%-ისგან მიიღო.

ოზურგეთი - №41 ბეგლარ სიორიძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 49.89%; №42 კონსტანტინე შარაშენიძე - საინიციატივო ჯგუფი - 50.11%

ბორჯომი - №8 ზაზა ჩაჩანიძე - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 45.05%; №41ლევან ლიპარტია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 54.95%

ხაშური - №41 გიორგი გურასპაშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 61.05%; №42 რამაზ ნოზაძე - საინიციატივო ჯგუფი - 38.95%

ყაზბეგი - №3 სანდრო ყამარაული - „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ - 31.05%; №41 ალექსანდრე ზაგაშვილი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 68.65%.

ქუთაისი - №5 გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 12.93%; №41 გიორგი ჭიღვარია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 87.07%

მარტვილი - №5 მამუკა დანელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6.96%; №41 ალექსანდრე გრიგალავა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“- 93.04%.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობისას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები, კერძოდ, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #59-ე საარჩევნო უბანზე, დაბა ნასაკირალში, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ომის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია.

ასევე #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #59-ე საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცესში ნამდვილი ბიულეტენები, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია, რაზეც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა.

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე 17 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით. ბიულეტენებით არჩევანი პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული.

„კენჭისყრის დასრულების შემდეგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხაშურის #32 უბნის მიმდებარედ, სადაც უბნის გარეთ შეკრებილი იყვნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, რომელთაგან ნაწილი უბანზე შესვლას ცდილობდა და უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა. თუმცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები თავადვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რადგან რამდენიმე მათგანს უბანზე შესვლა არ სურდა. საბოლოო ჯამში, სამართალდამცველებმა მათ უბანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მოგვიანებით „ქართული მარშის“ წევრებმა გადაინაცვლეს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბში, რომლის მიმდებარედ დაპირისპირება მოუვიდათ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებთან. პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც მალევე გამოუშვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)