საია - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან” აცნობეს.

მათივე ცნობით, გამონაკლისი იყო ხაშური, სადაც დღის ბოლოს ინციდენტი მოხდა პარტია „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის. სიტუაცია მალევე განიმუხტა პოლიციის ჩარევით, თუმცა, აუცილებელია ამ ფაქტზე წარიმართოს გამოძიება.

რაც შეეხება დარღვევებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოზურგეთის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა იმ ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევის პრობლემა, სადაც ამომრჩეველს ნათლად ჰქონდა გაკეთებული არჩევანი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასაკირალის უბანი (ოზურგეთის #59-ე უბანი), სადაც არეულობა იყო ხმის დათვლის პროცესში. განვითარებული მოვლენები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლო შედეგები, ადგილი ჰქონდა სიტუაციის განზრახ არევის და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას.

„კენჭისყრის დღეს მთელ რიგ უბნებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო უბნების გარეთ სიებით იდგნენ დაუდგენელი პირები (სავარაუდოდ პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები), რომლებიც აღრიცხავდნენ უბნებზე მისულ ამომრჩეველს. ასევე მთელი დღის მანძილზე რიგ საარჩევნო უბნებზე სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით ხდებოდა ამომრჩევლების მიყვანა.

დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით აღემატებოდა ამავე უბნებზე ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას (სულ 4 შემთხვევა), ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება საჩივრებს, კენჭისყრის დღეს საია-ს დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაწერეს 12 საჩივარი, საარჩევნო ოლქში - 12 საჩივარი, ასევე 24 შენიშვნა.

„ოლქში დაწერილი საჩივრები შემდეგნაირად ნაწილდება: ბორჯომი -5; ოზურგეთი - 3; ყაზბეგი - 2;

საჩივრები დაიწერა შემდეგ დარღვევებზე: საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების -10 ფაქტი; გაცემული ბიულეტენების მეტობა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში - 4 ფაქტი; გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა -3 ფაქტი; ამომრჩევლის ნების კონტროლი -10 ფაქტი; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა -1 ფაქტი;

საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება -2 ფაქტი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში

გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების დროს გამოვლენილ ხარვეზებზეც. კერძოდ, დღის ბოლოს დაპირისპირება მოხდა ხაშურში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერებს შორის.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებოდნენ ქალაქში, მაშხალები ესროლეს რამაზ ნოზაძის ოფისს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოფისიდან გამოვიდნენ რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც, მსუბუქად დაშავდნენ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები, სულ 3 ადამიანი, მათ შორის 1 ახალგაზრდა ქალი.

დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ინფორმაციით, ინციდენტში "ქართული ოცნების" მხრიდან მონაწილეობდა ხაშურის თვითმმართველობაში დასაქმებული რამდენიმე საჯარო მოხელე.

ადგილზე დროულად მივიდა პოლიცია, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და გააშველა მხარეები. პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე შეამოწმა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები და ერთ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო. თუმცა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერების განცხადებით, პოლიციას ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე არ შეუმოწმებია ინცინდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. საია აგრძელებს ფაქტის შესწავლას. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ინცინდენტში და დადასტურების შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აცხადებენ საია-ში.

ხმის დათვლის პროცესის სხვა დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიამ არასწორად მიიჩნია ბათილად ოზურგეთის #12 და #59 უბნებზე ბიულეტენები, რომლებზეც ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული და მეორე კანდიდატი იყო იქსით (X) გადახაზული.

„კერძოდ, ოზურგეთის #59 უბანზე კომისიამ ბათილად მიიჩნია 18 ბიულეტენი. ბათილ ბიულეტენებს შორის იყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლო 2 და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლო 16 ბიულეტენი. საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, კომისიამ არასწრორად მიიჩნია ბიულეტენები ბათილად. ამ ფაქტზე საია-ს მხრიდან დაიწერა საჩივარი. ბიულეტინების ბათილობის საკითხის ხმაურიანი განხილვის პროცესში თავმჯდომარე გახდა შეუძლოდ. ამავდროულად უბანზე შემოვიდნენ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი ითხოვდა უბნის შედეგების ბათილობას და ერეოდა კომისიის საქმიანობაში.

ოზურგეთის #12 უბანზე კომისია აპირებდა ბათილად ეცნო დაახლოებით 35 ისეთი ბიულეტენი, რომელზეც ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა და საკამათო არ უნდა გამხდარიყო მათი ნამდვილობა.

ამ ბათილი ბიულეტენებიდან დაახლოებით 12 ბიულეტენზე არჩევანი დაფიქსირებული იყო დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, ხოლო დაახლოებით 5 ბიულეტენზე - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ. კომისია ფიქრობდა, რომ ასეთ შემთხვევებში (შემოხაზული იყო ერთ-ერთი კანდიდატის გვარი, ხოლო მეორის იყო გადახაზული) ბიულეტენზე ამომრჩევლის ნება არ იყო გამოვლენილი და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა საია-ს დამკვირვებელმაც. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და ზემოაღნიშნული ბიულეტენები სწორად მიიჩნია ნამდვილად.

ოზურგეთის #16 უბანზე კომისიამ ბათილად მიიჩნია 30-მდე საარჩევნო ბიულეტენი. საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, დაახლოებით 17 ბათილი ბიულეტენი იყო ისეთი, რომელსაც ბიულეტენის უკანა მხარეს რეგისტრატორის ხელმოწერები არ ჰქონდა. დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნული 17 ბიულეტენზე ამომრჩეველს არჩევანი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატის სასარგებლოდ ჰქონდა გაკეთებული.

გარდა ამისა, ყაზბეგის #3 უბანზე საია-ს დამკვირვებლის მიერ უბნიდან წამოღებული და ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ამავე უბნის შემაჯამებელი ოქმები განსხვავებულია. საია-ს დამკვირვებლის მიერ უბნიდან წამოღებულ შემაჯამებელ ოქმში შევსებული არ იყო ოქმის შედგენის თარიღი და დრო“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო