ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებული მოვლენების საგარეო ფაქტორებსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე ხელისუფლების ამოცანებზე ”ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, რა საგარეო ფაქტორებზე შეიძლება საუბარი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?
- უპირველეს ყოვლისა მსურს მივუსამძიმრო ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეციალური დანიშნულების რაზმელის ოჯახს და მთელ საქართველოს. ასევე, მსურს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილ სამართალდამცავებს. სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა და სწორედ მათი გმირობით იწერება საქართველოს ისტორია.
რაც შეეხება თავად ფაქტს, 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან. საქმე იმაშია, რომ „დაეში“ (იგივე ISIS)მარცხდება სირიასა და ერაყში. იგი კარგავს ტერიტორიებს, ხოლო მისი მებრძოლები იფანტებიან მთელ მსოფლიოში. ამასთან, ახალი ძალებით ხდება რადიკალური იდეებისა და იდეოლოგიის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებში.
„დაეში“, იგივე ISIS, მარცხდება სირიასა და ერაყში. იგი კარგავს ტერიტორიებს, ხოლო მისი მებრძოლები იფანტებიან მთელ მსოფლიოში. ამასთან, ახალი ძალებით ხდება რადიკალური იდეებისა და იდეოლოგიის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებში
გეოგრაფიული სიახლოვის გამო ისინი ყველაზე ადვილად თურქეთის ტერიტორიაზე ახერხებენ შეღწევას. ეს მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ანკარას. თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბოლო დროს დააკავეს „დაეშის“ ასობით მებრძოლი და მხარდამჭერი. შესაბამისად, მათ დაიწყეს თურქეთიდან გასვლა განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც შედარებით მარტივად შეუძლიათ მოხვედრა.
მაგალითად, ცნობილია, რომ ბევრი ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლი გადავიდა და დამკვიდრდა უკრაინაში, სადაც მათ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული თავდასხმაც განხორციელდა. ამ მხრივ, ერთ-ერთი მიმართულება, ბუნებრივია, საქართველოცაა. იმ ქვეყნების (მათ შორის რუსეთისა და დასავლეთის სახელმწიფოების) მოქალაქე ტერორისტებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზის აღება საქართველოში შემოსვლისთვის, სხვადასხვა მიზეზის (დასვენება, მიმალვა, ტრანზიტი) გამო ჩვენი ქვეყანა შესაძლოა მიზიდულობის ცენტრად იქცეს. ლეგალური გზების გარდა მათი ნაწილი შესაძლოა, არალეგალური გზებითაც ცდილობდეს ქვეყანაში შემოსვლას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ობიექტური მიზეზების გამო არ არსებობს და ვერც იარსებებს ტერორისტთა სრული გლობალური სია, რათა მოხდეს ყველა ვიზიტორის მონაცემთა გადამოწმება სახელმწიფო საზღვრის კვეთისას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი ტერორიზმსაც შეეხო და „დაეში“ ფიზიკური კავშირის გარეშე, დისტანციურადაც შედეგიანად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს (მათ შორის სოციალურ ქსელებს) რადიკალური იდეებისა და იდეოლოგიის გავრცელების მიზნით. იგი ამ ხერხით ახდენს უამრავი ახალი წევრის რეკრუტირებას მთელ მსოფლიოში.
- რა მიზანი ან მიზნები შეიძლება ჰქონოდა თბილისში აღმოჩენილ და გაუვნებელყოფილ ტერორისტულ ჯგუფს?
- მართალია, საკითხთან დაკავშირებით მეტად მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მათ შეიძლება ჰქონოდათ რამდენიმე მიზანი ან მიზნები:
ჯგუფის ხელთ არსებული შეიარაღების რაოდენობა და მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ ისინი აქ გარკვეული მიზნით იყვნენ ჩამოსულები. დიდი ალბათობით, ისინი ამზადებდნენ მსხვილ ტერაქტს საქართველოში
- ჯგუფის ხელთ არსებული შეიარაღების რაოდენობა და მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ ისინი აქ გარკვეული მიზნით იყვნენ ჩამოსულები. დიდი ალბათობით, ისინი ამზადებდნენ მსხვილ ტერაქტს საქართველოში, რასაც ექნებოდა შემდეგი სახის შედეგები:
- შეილახებოდა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი. შესაბამისად, მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა ტურიზმის სექტორი და ზიანი მიადგებოდა საინვესტიციო გარემოს;
- შეილახებოდა საქართველოს ხელისუფლების იმიჯი, მოქალაქეებში გაჩნდებოდა დაუცველობისა და შიშის გრძნობა;
- „დაეში“ სისრულეში მოიყვანდა საკუთარ მუქარას საქართველოს მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გაავრცელა. ამით შეიქმნებოდა მითი, რომ იგი ასრულებს ყველა „დანაპირებს“;
- შეიქმნებოდა მითი, რომ მათ თავისუფლი მოქმედება შეუძლიათ საქართველოში.
მედიაში გავრცელებული ერთი ვერსიით, მათ შესაძლოა საქართველოს ციხეებში მყოფი მომხრეების გათავისუფლებაც მოეთხოვათ.
- რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ იმ მწირი ინფორმაციიდან, რაც ამ მომენტისთვის გაგვაჩნია?
- პირველადი მთავარი დასკვნა არის ის, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის მიერ პირდაპირ სამიზნეშია ამოღებული. თუ წლების წინ მსგავსი საფრთხე შორეული და მისი განხორციელების ალბათობა ნაკლები იყო, ახლა ეს საფრთხე უფრო რეალურია. საფრთხე ძალიან ახლოსაა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც შეეცდებიან იმის განხორციელებას, რისი გაკეთების საშუალებაც ჩვენი სპეციალური სამსახურების მუშაობამ მათ არ მისცათ
უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც შეეცდებიან იმის განხორციელებას, რისი გაკეთების საშუალებაც ჩვენი სპეციალური სამსახურების მუშაობამ მათ არ მისცათ.
- ასეთ სიტუაციაში რა არის გამოსავალი? რისი გაკეთებაა საჭირო?
- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გაზრდილი საფრთხეების შესაბამისად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის დაგეგმვა და მოქმედება როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ დონეებზე.
ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სპეცსამსახურებისა და დიპლომატიური სამსახურის რეალურად გაძლიერება, რათა მათ მიერ ღია თუ დახურული წყაროებიდან მოპოვებული წინმსწრები ინფორმაციების საშუალებით აღკვეთილ იქნას ქვეყნის საზღვრებს გარედან მომდინარე ტერორისტული აქტები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.
ამავე დროს საერთაშორისო დონეზე საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება სპეცსამსახურებს შორის. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანია ოპერატიული ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზის მონაცემების დროული გაცვლა, ერთობლივი ქმედებების, მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვა.
ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სპეცსამსახურებისა და დიპლომატიური სამსახურის რეალურად გაძლიერება, რათა მათ მიერ ღია თუ დახურული წყაროებიდან მოპოვებული წინმსწრები ინფორმაციების საშუალებით აღკვეთილ იქნას ქვეყნის საზღვრებს გარედან მომდინარე ტერორისტული აქტები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები
პარალელურად, აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენებისა და ახალი ტრენდების მონიტორინგი, ახლო აღმოსავლეთსა და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისთვის თვალყურის მიდევნება და განვითარებული მოვლენების სწორად წაკითხვა.
ამავე დროს საჭიროა მუშაობის გააქტიურება საქართველოს მუსლიმური თემის ახალგაზრდებთან, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ მათი შესაძლო რეკრუტირების თვალსაზრისით.
- სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მოხდება დაზვერვის სამსახურის გაერთიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონშია ასახული. ახლა როცა გარე საფრთხეები აშკარად გაძლიერებულია, თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ასეთი გაერთიანება?
- ამ მიმართულებით არ არსებობს უნივერსალური იდეალური მოდელი. ყველა ქვეყანა თავად ირჩევს სპეცსამსახურების სისტემის მოწყობის საკუთარ ვარიანტს. დიდი ქვეყნების უმეტესობაში საგარეო დაზვერვა და კონტრდაზვერვა ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ ინსტიტუციურ დონეზე ხდება მათი საქმიანობის კოორდინაცია.
მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანების შემდეგ, სადაზვერვო პრიორიტეტებმა უკანა პლანზე არ გადაიწიოს
თუმცა არსებობს პატარა ქვეყნებიც, მაგალითად ესტონეთი, სადაც ეს ორი უწყება ცალცალკეა. ვიცით, რომ ბოლო წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს გაეზარდა დაფინანსება და ეს მისასალმებელია.
თუ ქვეყანამ გადაწყვიტა ორი უწყების გაერთიანება, ეს მისი სუვერენული უფლებაა. მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანების შემდეგ, სადაზვერვო პრიორიტეტებმა უკანა პლანზე არ გადაიწიოს. ბოლო მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება და შემდგომში მისი რეალიზაცია.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"