ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებას გეგმავს. ჰუმანიტარული საკითხები, ვაჭრობის ხელშეწყობის ჩათვლით, წარმოადგენს იმ ახალი ინიციატივის ნაწილს, რომლის წარდგენასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა. ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ხედვა, პირველ რიგში, ჩვენი ხალხის შერიგებას და ერთმანეთთან დაბრუნებას გულისხმობს. ბუნებრივია, იმ პროცესების ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მავთულხლართების არსებობის პირობებში, როდესაც ადამიანებს ექმნებათ ძალიან მძიმე პრობლემები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც პირველ რიგში ეხმიანება მოსახლეობის ჰუმანიტარულ და პრაგმატულ ინტერესებს, გამიზნულია იმისაკენ, რომ გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, ხელი შეეწყოს კონტაქტებს, რომლის საჭიროებაც ნამდვილად არსებობს გამყოფი ხაზების გასწვრივ, რათა საფუძველი მოვამზადოთ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის და ჩვენი საზოგადოებების შერიგებისთვის“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები, მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას ვაჭრობის დამატებითი შესაძლებლობები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

„ეს ეხება ვაჭრობის წახალისებას ადმინისტრაციული გამშვები ხაზის გასწვრივ. ეს დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ეკლექტური ფორმით და ძალიან ბევრი შეზღუდვის ფონზე. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ წავახალისოთ ეს პროცესი, რაც გადაადგილების თავისუფლების გამარტივებასთანაც არის დაკავშირებული. პირველ რიგში არის ზრუნვა მოსახლეობაზე, მათ პრაგმატულ და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. ეს ინიციატივები ასევე ეხება განათლების სფეროს, გულისხმობს ხარისხიან განათლებაზე წვდომას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ახალგაზრდების, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ბედი ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ის თაობა, რომელმაც ერთად უნდა იცხოვროს და ერთი ქვეყანა აშენოს, ამიტომ ჩვენთვის განათლების შესაძლებლობების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს გულისხმობს სხვადასხვა სერვისის წვდომის გამარტივებას, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის გამარტივება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით სარგებლობაში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ძალიან მალე წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა