საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი თემურ დათიკაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს

საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, თემურ დათიკაშვილს ბრალდების მხარე კომერციულ მოსყიდვას ედავება.

ადვოკატის განცხადებით, ის ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც განუმარტა, რომ მომხდარის გამო წუხს. ასევე, ადვოკატის თქმით, დათიკაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პროვოკაცია, თუმცა ვისი მხრიდან შეიძლება ჰქონოდა პროვოკაციის მოწყობას ადგილი, ადვოკატის განმარტებით, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

”კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ბრალის ფორმულირება არ აქვს. რაც შეეხება ვინმესთან კავშირს, აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. წუხს ყოველივეზე და გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა სპორტს, ახლა კი ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. პროვოკაციასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ დაზუსტებით, ვინაიდან შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. თანხაზე საუბარი საერთოდ არ არის. ეს დასადგენია, იყო თუ არა თანხა საქმეში. სუს-მა რა გაავრცელა ერთია და სინამდვილეში რა არის, ეს მეორეა”, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, იცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დათიკაშვილი სხვა დაკავებულებს, ადვოკატის განმარტებით - იცნობს, ”იმიტომ, რომ ყველანი კალათბურთელები არიან“.

„რაც შეეხება ბერიშვილების აღიარებას, მე არ მეხება აღნიშნული საკითხი, მაგრამ ბერიშვილებმა თავიანთ ქმედებაზე აგონ პასუხი, თუკი ეს ასეა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ამ ყველაფრისგან, არ აღიარებს კომერციულ მოსყიდვას და განიცდის ძალიან”, - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს