ქართული პრესის მიმოხილვა 28.12.2017

მოსახლეობამ დენის დარტყმა მიიღო

ელექტროენერგიის გაძვირება დაამძიმებს თუ არა სოციალურ ფონს?

უპასპორტოდ უკრაინაშიც გავემგზავრებით, რიგშია: მოლდოვა, ბელორუსი, ყაზახეთი...

რამაზ საყვარელიძე - "ტერორისტებს საქართველო არ აინტერესებთ"

            * * *

მოსახლეობამ დენის დარტყმა მიიღო

"მოსახლეობას წინასაახალწლო "საჩუქარი" მოუმზადეს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებს გადასახადი გაუძვირდა. დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი 1,56 თეთრით გაიზრდება, რეგიონების შემთხვევაში კი, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის, ელექტროენერგიის ფასი 1,28 თეთრით მოიმატებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას განმარტებით, ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,50-ის ნიშნულზე. ამ კომპონენტს გადასახადზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც სემეკ-ში განმარტავენ, ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იმოქმედებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოსახლეობამ დენის დარტყმა მიიღო / ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის კვალდაკვალ გაძვირდება ადგილობრივი პროდუქტი და მომსახურება.

"ტარიფების ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ მაღალი მოცულობის ინვესტიციებმა, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით მოიმატებს. ეს არის დიდი გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით: ერთი - გადამცემი ქსელი და გამანაწილებელი ქსელი უნდა გაძლიერდეს; მეორე - უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების ჯამური ვალდებულება შეადგენს 1 200 000 000 ლარს. შესაბამისად, ამ ტარიფებში საინვესტიციო ვალდებულებების ასახვა მოხდა, განსხვავებით 2015 წლისგან, როდესაც ტარიფების ზრდა განხორციელდა მხოლოდ ვალუტის კურსის გამოისობით. ამჟამად ვალუტის კურსის ცვლილება ჩვენ არ გვაქვს და ტარიფის გაანგარიშებისას გავითვალისწინეთ კურსი 1 დოლარი 2,50 ლარზე", - განაცხადა ირინა მილორავამ. სემეკ-ის დადგენილებით, "თელასის" აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. დღგ-ის ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს. სამომხმარებლო ტარიფების პირველი საფეხურისთვის (101 კვტ/სთ-ის ჩათვლით) მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი, ახალი ტარიფი კი 14.54 თეთრი იქნება. მეორე საფეხურისთვის (101-301 კვტ/სთ) მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრიდან 18.55 თეთრამდე გაიზარდა. მესამე საფეხურისთვის (301 კვტ/სთ-ზე მეტი) ტარიფი 23.03 თეთრი გახდა, ნაცვლად აქამდე მოქმედი 21.476 თეთრისა", - აღნიშნავს გამოცემა.

"თბილისის გარდა ელექტროენერგია რეგიონებშიც გაძვირდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო და კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი 1 კვტ/სთ-ზე 1,28 თეთრით მოიმატებს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21 თეთრით, 301 კვტ/სთ-ს ზევით კი აბონენტებს 21,45 თეთრის ნაცვლად 22,73 თეთრის გადახდა მოუწევთ. ტარიფის გაძვირების მიუხედავად, კომპანიებში სემეკ-ის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან", - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც "თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძე აცხადებს, დამტკიცებული ტარიფი კომპანიას სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, ამით უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ აბონენტებისთვის სტაბილური ენერგომიწოდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მთავრობა საზოგადოების მოწყვლადი ფენისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას შეეცდება, რათა მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე მტკივნეულად არ აისახოს. თუმცა, გადასახადის ზრდით სინამდვილეში დაზარალდება არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენა, მცირეშემოსავლიანი მოსახლეობაც. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ დენის გაძვირების შემდეგ ცვლილება მოსალოდნელია მომსახურების დარგშიც, რაც ხალხს ცხოვრების პირობებს საგრძნობლად გაუუარესებს. ანალოგიური მოსაზრებისაა ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი მურმან მარგველაშვილი, რომლის შეფასებითაც წინ გვაქვს მორიგი მძიმე წელიწადი. ", - დასძენს გამოცემა.

"დღეს ვართ ისეთ რეალობაში, როცა გადასახადის ზრდა გახდა გარდაუვალი. რამდენადაც ვიცი, მაღალია დენის იმპორტი და, შესაბამისად, მოხმარებაც გაზრდილია. ეს არის პირველი ფაქტორი, რასაც ემატება დოლარის კურსი და ასევე - ნავთობის ფასიც. 1,5 თეთრით გაძვირება მოსახლეობისთვის მძიმე სოციალური ტვირთია და ეს ცხოვრების პირობებზე ნეგატიურად აისახება. ცხადია, ენერგეტიკის სექტორში გაძვირება გადამდები იქნება მწარმოებელი დარგებისთვისაც და საბოლოოდ ინფლაციური პროცესების გაღრმავებას გამოიწვევს. მოქალაქეების დიდ ნაწილს არათუ დაზოგვის საშუალება ექნება, არამედ თვიდან თვემდე თავის გატანაც გაუჭირდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ემზარ ჯგერენაია.

"მოსახლეობას არსებული ტარიფის პირობებშიც კი უჭირს გადასახადის გადახდა და სამომავლოდ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. გადასახადის ზრდა მოსახლეობის დიდ ნაწილს ცხოვრების პირობებს დაუმძიმებს. სოციალური ტვირთის ზიდვა ხალხს აქამდეც უჭირდა, მომავალი წლიდან კი კიდევ უფრო გაძნელდება ყოფა-ცხოვრება. განსაკუთრებით საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის იქნება მტკივნეული", - მიიჩნევს მურმან მარგველაშვილი.

ელექტროენერგიის გაძვირება დაამძიმებს თუ არა სოციალურ ფონს?

"სემეკ-ის გადაწყვეტილებით, "თელასის" აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ლი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკ-ის გუშინდელ სხდომაზე უყარეს. შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე - 16,992 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა. შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "თელასის" მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ის ჩათვლით, 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება ტარიფი. აბონენტებისთვის, რომლებიც 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ, 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე. ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. სემეკ-ში განმარტეს, რომ ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ, ვალუტის კურსის ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - ელექტროენერგიის გაძვირება დაამძიმებს თუ არა სოციალურ ფონს?

"რა თქმა უნდა, დამძიმებს და განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფებისათვის, მასში იგულისხმება: პენისიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები სხვა. ხალხს გადასახადები მოემატება, რაც ცუდია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე.

"სულელი უნდა ვიყო, რომ გითხრათ, დენის გაძვირებას დადებითად ვაფასებ-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს უკიდურესი ზომაა და იგი არა მარტო ეკონომიურად იმოქმედებს უარყოფითად თითოეულ მოქალაქეზე, არამედ - მორალურადაც. რწმენის დაკარგვა "ოცნების" ხელისუფლების მიმართ უფრო მაღელვებს, ვიდრე ის ორიოდე კაპიკი, რაც მოემატა დენს. ერთი რამ უნდა მიიღოს მხედველობაში ხელისუფლებამ, ეს შეიძლება განპირობებულია აუცილებლობით და არის დროებითი მოვლენა. თუ ასეთი რამაა, მაშინ დაწვრილებით უნდა განუმარტონ საზოგადოებას. დენი და გაზი ისეთი რამეა, არ შეიძლება, მიაფუჩეჩო. გვეყოს გამბედაობა, ვუთხრათ ხალხს სიმართლე, ეს არის მავანთა უნიათობის ბრალი თუ რაღაც სხვა მიზეზია", - მწერალი რევაზ მიშველაძე

"ძალიან გაართულებს, იმიტომ, რომ თან ყველა პროდუქტი გაძვირებულია. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთავრობის უნიათობაა, ყველაფერი ძვირდება, მაგრამ უნდა გაიგონ, ერთი თავკაცი რომ ჰყავთ, გამოვიდეს და დააყრევინოს ყველას მოპარული ფული. დანარჩენს ვერაფერს ვიზამთ, ახალ ელქტროსადგურს ვერ ავაშენებთ", - რეჟისორი გიორგი შენგელაია.

"ვითომცდა თეთრ-ნახევარი არაფერია, მაგრამ ყველაფერი რომ დაითვლება, ძალიან მძიმე ხარჯი იქნება მოსახლეობისთვის, ვისაც შეზღუდული ფინანსები აქვს, თორემ ამით მთავრობა არ დაზარალდება. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა და ძალიან ცუდია, ახალ წელს რომ ამ სიახლით ვხვდებით. რატომღაც მეგონა, რომ მთავრობა ამ ნაბიჯს არ გადადგამდა", - დასძენს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

უპასპორტოდ უკრაინაშიც გავემგზავრებით, რიგშია: მოლდოვა, ბელორუსი, ყაზახეთი...

"საქართველოსა და უკრაინას შორის გადაადგილება შესაძლოა, მხოლოდ აიდი ბარათის საშუალებით მოხდეს. ამასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოს მსგავსი პერსპექტივა აქვს მოლდოვასთან, ბელარუსსა და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან, გარდა რუსეთისა. შესაბამისად, მხარეების მონდომების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო-თურქეთს შორის არსებული სისტემა სხვა ქვეყნებთანაც ამოქმედდეს. როგორც საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე აცხადებს, შესაბამისი სურვილი უკრაინის პრემიერმა გაახმოვანა და შესაძლოა, უკრაინასთანაც საქართველო-თურქეთის მსგავსი სისტემა ამოქმედდეს. "ეს არ არის მარტივი, თუმცა პროცესი დაძრულია, ორივე მხარე მუშაობს ამ თემაზე", - განაცხადა დუმბაძემ. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ინიციატივა უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანს ეკუთვნის. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებული არიან ერთმანეთის ქვეყნებში სტუმრობით", - წერს გაზეთი "რეზონანსი სტატიაში სათაურით უპასპორტოდ უკრაინაშიც გავემგზავრებით, რიგშია: მოლდოვა, ბელორუსი, ყაზახეთი... / ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს მხოლოდ აიდი ბარათით მიმოსვლის პერსპექტივა აქვს

"ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი აიდი ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს", - განაცხადა გროისმანმა. ფონდ "ღია საზოგადეობა-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მსგავსი გამოცდილება თურქეთთან უკვე აქვს და ეს საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს - "ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ბიუროკრატიული სისტემის მოშლას და ასევე, წაადგება ჩვენი და უკრაინის შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო თანაშრომლობას. ალბათ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ამ საკითხზე სულ ახალხან დაიწყო მუშაობა და გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ როცა იქნება, ვფიქრობ, ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ ეფექტურ შედეგს მოიტანს", - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე. პოლიტოლოგი, თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ სამომავლოდ მსგავსი სისტემის ამოქმედება მოლდოვასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთანაც შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემა.

"შეიძლება, ეს ეკონომიკურად ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც უკრაინის შემთხვევა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება საქართველო-მოლდოვას შორის ამოქმედდეს მიმოსვლის მსგავსი გამარტივებული სისტემა. ასევე შეიძლება ბელორუსსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ნებისმიერთან, გარდა რუსეთისა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ, მაგალითად, ყაზახეთთანაც ამოქმედდეს. ცოტა გაჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან მათზე ევროკავშირის პოლიტიკა ვრცელდება და რომელიმე ერთი ქვეყანა ამას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს. თორემ, სხვა მხრივ, თავისუფლად შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო ბალტიისპირეთთან. მონდომების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია აზიის კონტინენტთან, მაგალითად, იაპონიასთანაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განისაზღვრება ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობა; ასევე, რამდენად დაინტერესებულია მეორე მხარე საქართველოს პერსპექტივით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

რამაზ საყვარელიძე - "ტერორისტებს საქართველო არ აინტერესებთ"

"ნებისმიერი სპეცოპერაცია ძალიან ბევრ უკმაყოფილებას იწვევს იმიტომ, რომ ამ დროს ბევრი დარღვევა შეიძლება, მოხდეს. პანკისის სპეცოპერაციამ იმ კითხვებს გასცა პასუხი, რომლებიც თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გააჩინა. ეს სპეცოპერაცია რომ არ ჩატარებულიყო, კითხვები ისევე დარჩებოდა, როგორც ამ დრომდე არსებობდა. იმათ, ვინც ასრულებენ სპეცოპერაციას, სჭირდებათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და მუშაობის კულტურა, ვიდრე ჩვეულებრივ სამართალდამცავებს. ესაა პრობლემა, თორემ იმას, რომ არ ჩატარდეს სპეცოპერაცია და ამ დროს ქვეყანაში მაღალი იყოს კრიმინოგენური მდგომარეობა, გვერდს ვერ აუვლი", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ტერორისტებს საქართველო არ აინტერესებთ" / რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესში, პირველ რიგში, დასავლეთი და აშშ-ია.

"სპეცოპერაცია ძალის გადამეტებას არ ამართლებს, ორივე უნდა იყოს მოგვარებული ისე, რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთს არ დაერთოს... რა მიზანი ჰქონდათ ტერორისტებს? - თუ მათ ქმედებებს დავაკვირდებით, იკითხება - საქართველო არ აინტერესებთ. დასავლეთის პოლიტიკური წრეების შეშფოთება და პანიკის გაჩენაა მათი მიზანი. ამ შემთხვევაში ეს ვერსია ჯდება იმ ლოგიკაში, რომლითაც ტერორისტები მოქმედებენ. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გამოითქვა ვერსია, რომ თავდასხმა იგეგმებოდა აბრეშუმის გზის ფორუმზე, სადაც ასობით უცხოელი დიპლომატი იყო ჩამოსული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - "ე.ი. საქართველო "ისლამური სახელმწიფოს" ინტერესში არ შედის?" - პასუხობს:

"ისლამური სახელმწიფოს" ინტერესშია, პირველ რიგში, დასავლეთი და აშშ. მათ კულტურულად თუ პოლიტიკურად მიუღებლად მიაჩნიათ "ისლამური სახელმწიფოს" არსებობა. ამ ფონზე, სად მოხდება ეს დაპირისპირება, რა ტერიტორიაზე, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ევროპის არაერთ ქვეყანაში განხორციელებულა ტერაქტი. ძიება ამბობს, რომ ეს ტერორისტები თავს საქართველოს აფარებდნენ, რაც ლოგიკურად არაა გამორიცხული. მაგრამ ეს შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბებული და ბოლომდე მიყვანილი ვერსია არ იყოს, ამას დრო უნდა"

"რაც შეეხება კვირიკაშვილის შესაძლო გადაყენებას, თუ ვიგულისხმებთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილისა და ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის კვირიკაშვილი სრულიად მისაღებია, არ ჩანს მისი გადაყენების სერიოზული მიზეზი. თუ ეს რომელიმე პარტიისთვის მისაღებია, ეს სხვა თემაა. არჩევნებზე ხმების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, შესაბამისად, მთავრობაც მან დააკომპლექტა და მისი წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ვერსია, რომ გაღიზიანებულია, იმიტომ, რომ უპირებენ რაღაცას, გასაგებია, მეც მოვისმინე, მაგრამ მის გადაყენებაზე საუბარი უფრო ადრე იყო. მეორე მხრივ, ამ დაპირისპირებამ შექმნა ის, რომ მიგვახვედრა, როგორ იზრდება თვალსა და ხელს შუა ერი, რაც მისასალმებელია. მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ, არიქა, ეს დაპირისპირება კვირიკაშვილის გაღიზიანებისა და ნერვიულობის გამო მოხდა. ეს სამართლებრივად შეიძლება, არ იყოს სწორი. იქ მელიას მხრიდან იყო შეურაცხყოფა. საქართველოში არის ზღვარი, რომლის მერეც შეურაცხყოფას პასუხობენ. ამის გატარებაც უარყოფით ემოციებს გამოიწვევდა, იტყოდნენ, ამ კაცს არაფერი შეუძლიაო, აგერ შეურაცხყოფას აყენებენ და ხმას არ იღებსო. ასე რომ, პოლიტიკურად რომელი უფრო მომგებიანია, ამის შეფასება გამიჭირდება", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა