თუბა ჩაბუქი - უდანაშაულო ადამიანი მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება

უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის ღია წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტრის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მიმართავს.

თუბა ჩაბუქი აღნიშნულ პირებთან შეხვედრას ითხოვს და წერს, რომ მისი მეუღლე ამჟამად ბრალდებულია დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია. „სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგან ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო. მათ ყოველდღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელსაც აქამდე სიზმარებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად.

ახლა კი ახალი წელი დგება... სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე და მხიარულებაა... მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე) მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება, რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება.

მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს. მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა... ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ. ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც... მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნევოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას. არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ... მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ... მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ, საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს.

გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს“, - აღნიშნულია თუბა ჩაბუქის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა