მიხეილ სააკაშვილი - ექსტრადიციის შემთხვევაში ჩუმად არ ვიქნები, საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები

თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო არსად არ არის შესაძლებელი მთელ მსოფლიოში.

„მათ მე 133 სამხედროს შეწყალებისთვის გამასამართლეს. ამ ბრალდებას არანაირი ლეგალური საფუძველი არ აქვს. მათ ჩემი უკრაინიდან გაძევება ახლა სურთ. რა არ ეძებეს - საბანკო ანგარიშები, რომლებიც არ მაქვს; ოფშორული კომპანიები, რომლებიც არ მაქვს; საკუთრება, რომელიც არ მაქვს. მე ყოფილი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი ვარ, რომელსაც არაფერი აქვს ისეთი, რითაც მას კორუფციაში დაადანაშაულებდნენ. სწორედ ამიტომ მოიგონეს ეს სასაცილო მუხლი საპრეზიდენტო შეწყალებასთან დაკავშირებით. იგივე მუხლით მსოფლიოში ყველა პრეზიდენტის გასამართლება შეიძლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი საქართველოში შესაძლო ექსტრადაციის შესახებ დასმულ კითხვაზე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო ქართველ ოლიგარქ ივანიშვილთან ერთადერთი მიზნით ჩავიდა და ეს იყო - მიხეილ სააკაშვილი.

„მათ გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სამართალდამცველებს პარალელურად ემუშავათ. ამ ვიზიტის შემდეგ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა მაშინ, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ [იცის] საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები. ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ. ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ. მათ არ მივცემ უფლებას ვლადიმერ პუტინის სურვილი შეასრულონ და მე საქართველოს ციხეების ადმინისტრაციამ და საქართველოს სამართალდამცავებმა დამსაჯონ. ჩუმად დაჯდომას არ ვაპირებ. მე რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რომელზეც პუტინი უწყვეტად საუბრობს. მე მას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ნანობს თუ არა შეწყალების უფლების გამოყენებას, მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების პროცესის მუშაობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეწყალების კომისია ამზადებს სიას და პრეზიდენტი მას ხელს აწერს“.

„ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საქმე იყო ისეთი, რომლის დროსაც ადამიანი კომისიასთან კონსულტაციის გარეშე შევიწყალე. ეს არასრულწლოვანი იყო და განხილვებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ეს ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მოხდა. სხვა დროს [სიას] ყოველთვის კომისია ამზადებდა, რომელსაც საკმარისი შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები ჰქონდა შიგნით. მე მათ გადაწყვეტილებებში ეჭვი არასდროს შემიტანია. შეწყალების უფლება შეზღუდული არსად არ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ეს პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. საქმე ინსტიტუტებს ეხება. ვნანობ ინსტიტუტების შექმნას? არა. იმას ვფიქრობ თუ არა, რომ ეს ინსტიტუტები ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა? რა თქმა უნდა. შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ ინსტიტუტები ყოველთვის წარმატებული იქნება. ის, რაც დღეს ხდება ინსტიტუციების იდეის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ეს ადამიანები პასუხს აგებენ და სამართალს ვერ გაექცევიან. ამ გადაწყვეტილებით მათ, ფაქტობრივად, მათსავე წინააღმდეგ მომავალი სასამართლო საქმეების საფუძველი შექმნეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა