გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ ბრალის წარდგენის გარეშე გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.
ზურაბ ჭანტურია გუშინ, სახლის განმეორებითი ჩხრეკის დროს შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ექიმის განცხადებით, პაციენტს მაღალი არტერიული წნევა და გულის არეში ტკივილი ჰქონდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
გუშინ, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, ღამის პირველ საათამდე მიმდინარეობდა გიორგი ჭანტურიას ხელმეორედ გამოკითხვის პროცესი. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია და მეუღლე ანი ხურცია. გუშინვე გამომძიებელი საავადმყოფოში მყოფი ზურაბ ჭანტურიას ხელმეორედ გამოკითხვას ცდილობდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სამართალდამცავებს ამის საშუალება არ მისცა.
გუშინ, გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში - რუსთავსა და თბილისში სამართალდამცველებმა განმეორებითი ჩხრეკა ჩაატარეს. ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაათვალიერეს რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გაჩერებული გიორგი ჭანტურიას კუთვნილი „ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი.