ჩვენ საკმაოდ კარგად ვწერთ დოკუმენტებს, თუმცა პრობლემა გვაქვს იმპლემენტაციის. თვითონ კონცეფცია მისაღებია, მთავარია როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეზერვის კონცეფცის შეფასებისას ექსპერტმა ზურა აგლაძემ განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს რეზერვის კონცეფციის დაფინანსების და ადამიანური რესურსის პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიძებნება ფინანსები.
”მთავარია სურვილი და ნება გვინდა თუ არა ამის განხორციელება. მნიშვნელობა არ აქვს 100 000-იან კონცეფციაზე ვისაუბრებთ თუ რაზე, მთავარია თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს ფინანსური და ადამიანური რესურსი და ამის განხორციელება პატარა მასშტაბებიდან დაიწყოს და გაიზარდოს იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ექნება დაფინანსება. ამ ეტაპზე ჩემთვის არ არის ცნობილი და არც არსად გამოქვეყნებულა თუ რამდენი იქნება რეზერვის დაფინანსება 2018 წელს. მთავარია ნება და არა ის როგორი კონცეფცია გვექნება. დაველოდოთ თუ როგორ იქნება ლევან იზორიას ხელში ამის განხორციელების ნება. თავდაცვის სამინისტროს რეზერვის კონცეფციის დაფინანსების და ადამიანური რესურსის პრობლემები აქვს. მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიძებნება ფინანსები. თვითონ კონცეფცია საკმაოდ ნორმალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვწერთ დოკუმენტებს, თუმცა პრობლემა გვაქვს იმპლემენტაციის. თვითონ კონცეფცია მისაღებია, მთავარია როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა აგლაძემ.
თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.
კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.
რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.
კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.