„ქალთა მოძრაობის“ წევრი ბაია პატარაია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსს ეთიშება, - აღნიშნულისშესახებ ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე ვეთიშები საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კონკურსს“, - წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სახალხო დამცველის მიერ სამეურვეო საბჭოს წევრობაზე წარდგენილმა ზვიად დევდარიანმა აგრეთვე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანამდე „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, სახალხო დამცველის მიერ სამეურვეო საბჭოს წევრობაზე წარდგენილ ზვიად დევდარიანს მხარი არ დაუჭიროს.
როგორც “ქალთა მოძრაობის“ საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი, ზვიად დევდარიანი მხილებულია „სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში“.
აღნიშნულ განცხადებას ზვიად დევდარიანმა უპასუხა. “პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია“, - აცხადებს დევდარიანი.
ცნობისთვის, 13 მარტს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის 14 კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა. გასაუბრების შემდეგ, 14-დან 12 კანდიდატი შეირჩა. მათ შორის იყვნენ: ბაია პატარაია და ზვიად დევდარიანი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"