რაღაცნაირად კარგი იქნება, თუკი ხელისულება შეეგუება, რომ არსებობს ადგილები, სადაც მათთვის არასასურველი ადამიანიც შეიძლება დაინიშნოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატმა, ნინია კაკაბაძემ განაცხადა.
ნინია კაკაბაძეს მოლოდინი არ აქვს, რომ ამჯერად მის კანდიდატურასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვლება, თუმცა „საოცრებას არ გამორიცხავს“.
„არ მგონია, რაიმე განსხვავებული შედეგი დადგეს, თუმცა მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ ადგილს ჰქვია ოპოზიციის კვოტა, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ადგილას არ უნდა იყოს ადამიანი, ვინც ძალიან მოსწონს ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას. რაღაცნაირად კარგი იქნება, თუკი ისინი შეეგუებიან იმას, რომ არსებობს ადგილები, სადაც მათთვის არასასურველი ადამიანიც შეიძლება იყოს. გული მწყდება, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია, თუმცა ვერ მივაღწიეთ იმ ფაზას, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ არ ვიცოდეთ. ნებისმიერი არჩევნების შემთხვევაში, ჩვენ ვიცით ყოველთვის, ვინ იქნება შემდეგი ამა თუ იმ ადგილზე. ყოველთვის ყველა არჩევნების შედეგები წინასწარ არის ცნობილი და ეს ძალიან ცუდია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მისი განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
გასულ კვირას პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი - უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესმა საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო - მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა.
დღეს „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად კვლავ ნინია კაკაბაძე წარადგინა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"