განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, მანუელ ზაგერმა საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დღეს დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
შვეიცარიის საელჩოს ინფორაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ 4 მაისს მიიღო შვეიცარიის დელეგაცია მანუელ ზაგერის ხელმძღვანელობით. მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტები და თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები.
„მრავალი წელია შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის 2017-2020 წწ.-ის სტრატეგია სოფლის მეურნეობას პრიორიტეტად ტოვებს. ჩვენ მივესალმებით მიმდინარე რეფორმებს და საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ შედეგებს. შეხვედრაზე ჩვენ, აგრეთვე, ვისაუბრეთ შვეიცარიის ჩართულობის სამომავლო პერსპექტივებზე. მოხარული ვიქნებით მომავალშიც გავაგრძელოთ ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან სფეროებში“, - აღნიშნა მანუელ ზაგერმა.
იმავე დღეს შვეიცარიის დელეგაცია შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს. მხარეებმა განიხილეს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა და პროფესიული განათლების მზარდი როლი ამ რეფორმაში. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებებით შეიძლება პროფესიული განათლება მოერგოს კერძო სექტორის საჭიროებებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის შემცირებას და მათი შემოსავლების ზრდას.
“შვეიცარია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას 2012 წლიდან უჭერს მხარს. გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით და ვცდილობთ მივუსადაგოთ ის კერძო სექტორის საჭიროებებს. ეს გაზრდის ახალგაზრდების დასაქმებას, მათ შემოსავალს და, ზოგადად, პროფესიული განათლების მიმზიდველობას. შვეიცარიას პროფესიული განათლების კარგად ჩამოყალიბებული სისტემა გააჩნია, რაც განაპირობებს უმუშევრობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს ახალგაზრდებში. ჩვენ საქართველოს ვუზიარებთ მოწინავე გამოცდილებას ამ სფეროში და კმაყოფილი ვართ სადღეისოდ მიღწეული შედეგებით”, - აღნიშნა მანუელ ზაგერმა.
2 და 3 მაისს შვეიცარიის დელეგაცია ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში შვეიცარიის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ეწვია პარტნიორ ორგანიზაციებთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და მერსი ქორთან ერთად. რეგიონებში ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტების მიმდინარეობას, გასაუბრებოდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, პარტნიორებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.
განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტო (SDC) შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სააგენტოა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. 2017 წელს SDC-მ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსა და პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატთან ერთად შეიმუშავა ახალი, 2017-2020 წწ.-ის თანამშრომლობის სტრატეგია. ამ სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე, რეგიონში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის ხელშეწყობა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"