ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2018

ნატო-ს გენმდივნის აღიარება სამიტამდე თვენახევრით ადრე

ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა შეიძლება 80 თეთრამდე გაძვირდეს***

ნატო-ს გენმდივნის აღიარება სამიტამდე თვენახევრით ადრე

"ჩვენ ჯერ არ დაგვიზუსტებია ნატო-ს სამიტის ყველა ელემენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნატო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში. საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა, რათა ნატო-ს წევრი გახდეს", - ასეთი განცხადებით გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე", - წერს გაზეთი "ღეზონანსი" სტატიაში სათაურით ნატო-ს გენმდივნის აღიარება სამიტამდე თვენახევრით ადრე /"საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისთვის"

"ვარშავაში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავდნენ ალიანსის წინაშე არსებულ გამოწვევებს, სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა მარეკ კუხჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას და ალიანსის კარი უნდა გაიღოს ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ნატო-ს წევრობიდან გამომდინარე ფასეულობებსა და მოვალეობას იზიარებენ. "ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს მიღებას. ამ ქვეყნების ალიანსის მიღმა დატოვება სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს", - განაცხადა კუხჩინსკიმ. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საქართველოს ხელისუფლებაშიც საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ 2021 წელს, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო ამ თარიღს შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით", - აღნიშნავს გამოცემა.

"საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე, იმედოვნებს, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს წინსვლას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესაბამისი შეფასება მიეცემა. "ნატო-ს მომავალ სამიტზე ველოდებით, რომ მოხდება ასპირანტი ქვეყნების შეფასება. საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს შეფასება არის სამაგალითო ყველა კომპონენტში, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანებისთვის. "ეს არის დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ამ მიმართულებით უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა. "10 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და ჩვენ მოველით, რომ შესაბამის დონეზე მოხდება ამ პერიოდის შეფასება და შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში", - განაგრძობს გამოცემა.

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრი ოლეგ მოროზოვი არ გამორიცხავს, რომ ნატო-მ შეიძლება დაარღვიოს თავისი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნებისადმი და საქართველო ალიანსში მიიღოს რუსეთზე წნეხისთვის. ეს არ არის დამოკიდებული საქართველოზე. როგორც ცნობილია, ნატო-ს წესებით, ალიანსში არ იღებენ ქვეყნებს, რომლებიც დამძიმებულები არიან ტერიტორიული პრობლემებით და გადაუწყვეტელი სამხედრო კონფლიქტებით. აქ ამის სრული ნაკრებია, თუმცა მსოფლიო წესრიგის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით ამაზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა რუსეთზე დამატებითი წნეხის საბაბით. ამიტომ, ფორმალურად, არ შეიძლება, მაგრამ თუკი რუსეთზე წნეხის სურვილი გადაწონის, ასეთი ვარიანტი მოიძებნება, თუმცა ეს ვერ გახდის რეგიონს უფრო უსაფრთხოს", - აღნიშნავს ოლეგ მოროზოვი", - დასძენს გამოცემა.

"ამ განცხადებების ფონზე, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ნატო-ს სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში, გაიმართება, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა. მე ვესწრებოდი ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას და მოვისმინე დადებითი შეფასებები. თავადაც მქონდა შეხვედრები მაღალ დონეზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. მაისაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ივლისის სამიტამდე ასეთი განცხადებები ისმის. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის დასტურია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. ბუქარესტის სამიტამდეც არაერთი დადებითი განცხადება მოგვისმენია, როცა საქართველოს ნამდვილად ჰქონდა ნატო-ში გაწევრიანების შანსი. შეიძლება საქართველოს გარანტირებული აქვს ალიანსის გარკვეული ქვეყნების მხარდაჭერა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ კიდევ მოგვიწევს სერიოზული ბარიერების გადალახვა კონსენსუსის პრინციპის გათვალისწინებით. მხედველობაში მაქვს ევროპის სახელმწიფოთა პოზიცია. ჩემი აზრით, მიუხედავად აშშ-ის პოზიციისა, საჭიროა მუშაობა იმ სკეპტიკოს ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, ბარიერები შეუქმნან ნატო-ს გზაზე მიმავალ საქართველოს. სწორედ სკეპტიკოსმა ქვეყნებმა უნდა დაგვიჭირონ მხარი და ბრიუსელის სამიტამდე ამ კუთხითაც აუცილებელი იყო გააქტიურება. საჭირო იყო ჩასვლა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ამ საკითხზე საუბარი მათ მთავრობებთან და დარწმუნება. რაც შეეხება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შანსს, დღეს არსებული გეოპოლიტიკური ფონი, ახალი ცივი ომი, ხელს გვიწყობს და ამ გეოპოლიტიკურ ფერხულში შეიძლება ჩვენი შანსი გაიზარდოს, ხორცი შეესხას ჩვენს საუკუნოვან ნებას. ეს მომენტიც მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ, შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი სერიოზული სამუშაოები გვექნება ჩასატარებელი", - წერს სტატიის ავტორი.

ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა შეიძლება 80 თეთრამდე გაძვირდეს

"დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს.

მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. "მარშრუკტების" უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი - 50 თეთრი. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ გამოთქვამენ, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს კი ფასის მატების მოლოდინი აქვთ. დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროსთვის ერთიანი საბარათე სისტემის შემოღება დააანონსა. ამასთან, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. სწორედ ეს პროცესი წარმოშობს კითხვებს, როგორ მოხდება ერთიან საბარათე სისტემაში სხვადასხვაფასიანი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი - 50 თეთრი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა შეიძლება 80 თეთრამდე გაძვირდეს

"მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, გადაჯდომის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში სარგებლობს მოქალაქე უფასო გადაადგილების შესაძლებლობით. თუკი ამ სისტემაში "თბილისის მიკროავტობუსიც" ჩაერთო, უცნობია, ბარათზე 30 თეთრი ფასში სხვაობა როგორ აისახება. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებასთან გათანაბრდეს. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ყვითელი ავტობუსების სუბსიდირებას სულ უფრო მეტი თანხა სჭირდება

ბიუჯეტიდან. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბიუჯეტიდან ისედაც დიდი ფული იხარჯება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მერიამ დოტაცია გაზარდოს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის საფრთხის წინაშე მდგარმა მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიუჯეტს არ აქვს სახსრები, დამატებითი ხარჯი გასწიოს.

ერთიანი საბარათე სისტემის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსის" დამატებით კითხვებს არ უპასუხეს მერიის პრესსამსახურში და კახა კალაძის ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან", - აღნიშნავს გამოცემა

"კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტს წარადგენს. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა. ახალი სისტემა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ მიკროავტობუსებსაც შეეხება. ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. მაქსიმუმ, მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე გვაქვს მიღებული ევრობანკის გრანტი და დავიწყეთ კვლევა "სისტრას" დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი. პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელია ვტობუსების, ასევე მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და, მეორე მხრივ, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა", - განაგრძობს გამოცემა

"გრანტის თანხა 490 000 ევროა. კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტიდან გამოიყოს თანადაფინანსება 300 000 ევროს ფარგლებში. თანხით დედაქალაქისთვის ახალი სამარშრუტო სქემა და ინტეგრირებული გადახდის სისტემა შემუშავდება, რომელიც იმოქმედებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ვასო ურუშაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღესდღეობით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება არ არის გაწეული მომსახურების ადეკვატური, ამიტომ ფასი, ლოგიკურად, გაიზრდება და გაუთანაბრდება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულებას. ურუშაძის თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა იყოს ერთიან სისტემაში. ეს წაახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც მგზარვობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობები ერთიანად უნდა იყოს განხილული, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. მინიმუმ, ეს არის სამი სახეობა: მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები. ისინი უნდა იყოს ერთიან საგადასახადო სისტემაში მოქცეული. ტრანსპორტის მეოთხე სახეობა, საბაგირო კი ძირითადად ტურისტული დანიშნულებისაა, ამიტომ არ ვიცი, რამდენად განიხილება. ასევე, მნიშვნელოვანია დაინერგოს გრძელვადიანი საგადასახადო საშეღავათო საბარათე სისტემა, ე. წ. აბონემენტები, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. შეიძლება იყოს 1-2-6-თვიანი ან ერთწლიანი. კონკრეტული ღირებულების მიხედვით კი, საშეღავათო თანხა უნდა დაწესდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივი მომხმარებელი არჩევანს შეაჩერებს მსგავს საგადასახადო სისტემაზე. შემაფერხებელი ფაქტორი ყოველთვის იყო სწორედ ის, რომ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ფასი ნაკლებია მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებაზე", - დასძენს გამოცემა

"ურუშაძის თქმით, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისათვის ერთიანი სისტემა სწორი და ყველაზე მართებული გზაა, თუმცა რაც შეეხება დისბალანსს სატარიფო პოლიტიკაში, ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. დიდი ალბათობით, შესამუშავებელი იქნება ოპტიმალური მიდგომა. სავარაუდოდ, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გათანაბრდება. საწვავის ფასი მატულობს, ბოლო წლების განმავლობაში გაძვირდა ყველანაირი მომსახურებაც. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მოიმატოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასმა და ამაში გასაკვირი არაფერია. ტრანსპორტი პირდაპირაა მიბმული ქვეყნის ეკონომიკასთან და შეუძლებელია, ხელოვნურად გვეჭიროს ფასი დიდი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს დოტაციის პირობებში. სერვისების ღირებულება ფაქტია არ არის ფასის ადეკვატური, ამიტომ ფასი, ლოგიკურად, გაიზრდება და გაუთანაბრდება "მარშრუტკით" მგზავრობის ღირებულებას, რითიც ერთიანი საბარათე სისტემის დანერგვა უფრო გამარტივდება", - წერს სტატიის ავტორი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა