EuroDIG - ის გენერალური მდივანი - მოხარული ვარ, რომ საქართველო დათანხმდა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას

,,EURODIG - ის ფორუმს უკვე მეთერთმეტედ ვატარებთ. საქართველოში პირველად ვართ. მოხარული ვარ, რომ თქვენი ქვეყანა დათანხმდა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას,“ – ამის შესახებ EuroDIG - ის გენერალურმა მდივანმა, სანდრა ჰოფერიხტერმა დღეს ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის EuroDIG 2018 -ის ფარგლებში YouthDig 2018 მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმის მასპინძელია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. უცხოელ სტუმრებთან ერთად YouthDIG 2018 - ს ქართველი სტარტაპებიც ესწრებიან. ახალგაზრდებს ტექნოპარკში პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა. მთელი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები დისკუსიებს გამართავენ ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე.

„ევროდიგის“ ძირითად ღონისძიებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმეთ და ტექნოპარკში YOUthDIG 2018-ს ვმასპინძლობთ. უცხოელი დელეგატები, ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, ინტერნეტმმართველობის საკითხებზე მსჯელობენ. მათი მოსაზრებები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენი სლოგანი ხომ ასეთია - ,,ერთად შევქმნათ ციფრული ეკონომიკა“. ვფიქრობ, სწორედ ასეთი სახის დიალოგისა და შეხვედრების დახმარებით, ციფრული ეკონომიკის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ“ - აღნიშნა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სანდრა ჰოფერიხტერმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.

„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტმმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა