ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2018

რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტი ცხინვალში და რუსეთის ეკლესიის სხვა არამეგობრული ნაბიჯები

"ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება" - მამუკა გამყრელიძე

ოჩამჩირეში, ქართველების 14 ნასოფლარში, სირიელი ლტოლვილების ჩასახლება იგეგმება

* * *

რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტი ცხინვალში და რუსეთის ეკლესიის სხვა არამეგობრული ნაბიჯები

"26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის პატრიარქ კირილს ელოდებიან ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის აღსანიშნავ ზეიმზე. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ, მაგრამ, მათი ვარაუდით, კირილი ცხინვალში არ ჩავა. საპატრიარქოსგან განსხვავებით, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, რუსეთის ეკლესიის ცინიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზღვარი არ აქვს და თუ თავად კირილი არ ჩავა ცხინვალში, მან შეიძლება გააგზავნოს რომელიმე წარმომადგენელი, რაც ამ ცინიკური დამოკიდებულების მორიგი გაგრძელება იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტი ცხინვალში და რუსეთის ეკლესიის სხვა არამეგობრული ნაბიჯები.

"როგორც ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამბობს, მაგალითად, ცინიზმია ის, რომ რუსეთის საპატრიარქო არასდროს მოიხსენიებს სრული ტიტულით საქართველოს პატრიარქს და არასდროს ახსენებს, რომ ილია II ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და ბიჭვინთის მიტროპოლიტია. ასევე, მაგალითად, კირილმა გასულ წელს რეზიდენციაში მიიღო და "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს. ასევე, რუსეთი ცხინვალში აშენებს დიდ ეკლესიას ისე, რომ მშენებლობაზე თანხმობა საქართველოს საპატრიარქოსგან არც უთხოვია. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ამ საკითხს განიხილავენ და თუ კირილი ჩავიდა ცხინვალში, რეაქცია იქნება. "საგარეო ურთიერთობათა განყოფილება ამ საკითხს ალბათ განიხილავს. იცით, რომ სინოდის სხდომისთვის იყო მზადება, ჯერჯერობით მღვდელმთავრებს ამ საკითხზე არ უმსჯელიათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაც რეაქცია იქნება - ზუსტად ვერ გეტყვით რანაირი, მაგრამ რაღაც იქნება ალბათ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის მთლიან იურისდიქციაში განიხილავს მთელ იმ ტერიტორიას, რომელიც ომამდე იყო, თავისი სამაჩაბლოიან-აფხაზეთიანად. ამიტომ არ მგონია, რომ ამ ფონზე რაიმე გამართლება მოეძებნოს ცხინვალში ჩასვლას. მე ვფიქრობ, რომ თავს შეიკავებენ", - ამბობს ჯაღმაიძე. მისი თქმით, ადრე თავადაც უნახავს ინფორმაცია, როდესაც რუსეთის პატრიარქი შეხვედრია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, თუმცა არ ახსოვს, რა იყო ამაზე საქართველოს ეკლესიის საპასუხო რეაქცია", - აღნიშნავს გამოცემა.

"სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო რეს-ის ინფორმაციით, 26 აგვისტოს "რესპუბლიკის" დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავის აღსანიშნავად ცხინვალში რუსეთის პატრიარქ კირილს ელოდებიან. 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ ოკუპირებულ რეგიონში. ცნობილია, რომ "დღესასწაულზე" მიწვეულები არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ასევე, ვენესუელის, ნიკარაგუასა და სირიის ლიდერები - ნიკოლას მადურო, დანიელ ორტეგა და ბაშარ ასადი, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე, ელიან ოკუპირებული აფხაზეთის "ხელმძღვანელ" რაულ ხაჯიმბას, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, ე.წ. თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებს", - განაგრძობს გამოცემა.

"საგულისხმოა, რომ, ოფიციალური მოსკოვისაგან განსხვავებით, რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს საქართველოს კანონიკურ საზღვრებში აღიარებს, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. მაგალითად, მარტში საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წერილი გაუგზავნა, სადაც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე დახმარებას სთხოვდა, საპასუხო წერილში კი კირილმა ცხინვალის რეჟიმი "ადგილობრივ ხელისუფლებად" მოიხსენია. გარდა ამისა, 2017 წელს პატრიარქმა კირილმა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და "პრეზიდენტობა" მიულოცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატ ანატოლი ბიბილოვს. ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საუბრობს იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც რუსეთის ეკლესიის არამეგობრულ და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს და რაზეც, მისი თვალსაზრისით, საქართველოს ეკლესიას დიდი პროტესტი უნდა გამოეხატა", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის საპატრიარქო საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს, ტიტული შეუკვეცეს და არ ახსენებენ, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსსა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საპატრიარქოდან საპროტესტო განცხადებები არც მოგვისმენია. მეორე ფაქტია ის, რომ ცხინვალში შენდება დიდი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსეთის საპატრიარქოს წინაშე დასვეს საკითხი, რატომ შენდება, ვისი კურთხევით შენდება ეს ტაძარი. რუსეთის მხარის პასუხი იყო, რომ ტაძარს რუსი სამხედროები აშენებენ და მათ არავითარი კავშირი ამასთან არ აქვთ. შემდეგ ჩვენგან დაისვა კითხვა, ამ ტაძარში ვინ აკურთხებს მღვდელს და როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის საპატრიარქოდან იყო პასუხი, რომ მოიძებნება ვინმე, ვინც აკურთხებს. ასეთი ცინიკური დამოკიდებულება აქვთ, რაც კარგად მიანიშნებს რუსეთის ეკლესიის მტრულ დამოკიდებულებაზე. თუ ცხინვალში ჩავა რუსეთის საპატრიარქოდან ვინმე, მაშინ საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება და გაანალიზება, რამდენად კეთილმოსურნე, ძმური და სამართლიანია საქართველოს ეკლესიასთან მიმართებით რუსეთის ეკლესია", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას გოჩა მირცხულავა.

"ვარაუდია, რომ რადგანაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი ძალიან აღელვებს რუსეთს და მხარდამჭერ ეკლესიებს ეძებს, რათა ეს არ მოხდეს და უკრაინა არ დაკარგოს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიის განაწყენებას მოერიდოს და კირილმა უარი თქვას ცხინვალში ჩასვლაზე. თუმცა, გოჩა მირცხულავას თქმით, შეიძლება კირილი არ ჩავიდეს, მაგრამ გაუშვას სხვა - "შეიძლება გაუშვას სხვა, თუნდაც ილარიონ ალფეევი თუ სხვა პერსონა. ვინ ჩავა, ეს არაფერს არ ცვლის. ამით იურიდიულად კიდევ ერთხელ გაფორმდება ის, რომ ოკუპანტ პუტინსა და კირილს შორის არანაირი განსხვავება არ არის", - - ამბობს მირცხულავა, რომელიც მიიჩნევს, "რომც არავინ არ ჩავიდეს, რუსეთის ეკლესიის მხრიდან ცინიკური ნაბიჯები ისედაც ბევრია", - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება" - მამუკა გამყრელიძე

"რა თქმა უნდა კრიზისია - ცხადია, ტყუილად არ შეიცვლებოდა საქართველოს მთავრობა. კრიზისია არა მარტო სამთავრობო, არამედ პოლიტიკურიც უპირველეს ყოვლისა. შეუთანხმებელი იყო მოქმედებები, ძალიან ბევრი აცდენა იყო გამონათქვამებში. პარლამენტარები და მინისტრები ერთმანეთში შეთანხმებული არ არიან, დიდი გაუგებრობა აქვთ, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს. დარწმუნებული ვარ არც მათ სიამოვნებთ სულელის როლში ყოფნა. ძალიან შეუხედავ როლში არიან ისინი. მოდის ადამიანი, რომელიც ერთს ამბობს და სულ სხვა რამე ხდება. ეს აჩვენებს მის არაკომპეტენტურობას და ინფორმაციის არცოდნას - ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. ის რას გადაწყვეტს, არავინ იცის, - ეს არის სწორედ კრიზისის საფუძველი", - აცხადებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება" / მამუკა გამყრელიძე: "ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა გვყავდეს".

"ეს რეჟიმი ასეთი მახინჯი სახით, რასაც ივანიშვილის მმართველობა ჰქვია, დასასრულისკენ მიდის, დიდხანს ვეღარ გასტანს. შესაძლოა, ძალიან მალე დასრულდეს, შესაძლოა 2020 წლამდე მიაღწიოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ფულს დახარჯავს ბიძინა ივანიშვილი ან რამდენად უღირს ამ ფულის დახარჯვა. შეიძლება ბევრი სიურპრიზიც შემოგვთავაზოს, მაგრამ როგორი იქნება ეს სიურპრიზი, ეგ არის საქმე - პრემიერ-მინისტრიც როგორი შემოგვთავაზა, ყველამ ვნახეთ - ნახეთ მისი სამუშაო ადგილები და გამოცდილება, არსად თავი არ გამოუჩენია, როგორც წარმატებულ ადამიანს. არ ვიცი, რამდენად კარგად გაუძღვება ქვეყანას. ეს იყო ბიძინას არჩევანი - მას სხვა გზა არ ჰქონდა, არ უნდოდა პრემიერობა ჩაებარებინა დისკრედიტებული გახარიასთვის, თუმცა გახარია მკვეთრი ნაბიჯებით გამოირჩევა და უპრიანი იქნებოდა ის ყოფილიყო პრემიერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გამყრელიძე და შეკითხვაზე - "თავიდან მასზე საუბრობდნენ, რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა?" - პასუხობს:

"იმიტომ, რომ მოხდა მისი დისკრედიტაცია. შესაძლოა, არც უნდოდა ოვანიშვილს ასე ყოფილიყო, მაგრამ იძულებული გახდა. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კი არ არის, რასაც გადააყოლეს კვირიკაშვილი. ეკონომიკა, ავად თუ კარგად, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც გვაქვს. რაღაცა სტაბილურობის განცდის მომენტი მაინც არსებობს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. რეალობაში ჩვენ გვატყუებენ, რადგან ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი - ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ კრიზისი არ არის - კრიზისი არის სამართლებრივი და პოლიტიკური. კვირიკაშვილის მოცილება უნდოდა ივანიშვილს და ეძებდა მოტივს. როგორც ჩანს, კვირიკაშვილმა ძალიან ბევრის უფლება მისცა თავის თავს - ეს მის ფინანსურ ინტერესებს ეხება და სწორად ამიტომ მოაცილა იმ ადგილს, სადაც იყო და შეცვალა ადამიანით, რომელიც არის აბსოლუტურად უფუნქციო - ზოგადად, ივანიშვილს უსახური პიროვნებების შერჩევა უყვარს".

"ივანიშვილი თავის თამაშს თამაშობს - მას უნდა ისეთი ადამიანები, რომლებიც ადვილად სამართავები არიან, არ წარმოადგენენ არაფერს და არ წარმოადგენენ ინტერესს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია დამოკიდებულია იმაზე, ბიძინა რამდენ ფულს დახარჯავს. მისი გადასაწყვეტია რამდენად უღირს. სამინისტროები მცირდება, თუმცა გამოდიან დეპუტატები და ამბობენ, რომ არც ერთი ადამიანის სახლში გაშვება არ იგეგმება. ვერ ვხედავ ვერანაირ შინაარსს ამ ყველაფერში... შეიძლება მინისტრიც არ გაუშვან, უბრალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაარქვან და ამით დამთავრდება ყველაფერი. ეს ცვლილებები კოსმეტიკურიც არაა, ამას სისულელე ჰქვია! სინამდვილეში ჩვენ გვყავს უზომოდ, უაზროდ გაბერილი სახელმწიფო აპარატის შტატი, ძალიან ბევრი ჩინოვნიკი და ვიცით რისთვისაც გვყავს - მხოლოდ და მხოლოდ იმ დროისთვის, როცა ტარდება არჩევნები, როცა ეს ადამანები მორჩილად ყრიან თავის ხმებს ურნაში... რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს სახელმწიფომ? ის იფიტება, მისი ბიუჯეტი სრულიად უაზროდ იხარჯება უშინაარსოდ გაბერილი სახელისუფლებო მანქანის საკვებად - ეს სახელისუფლებო სისტემა შექმნილია მხოლოდ არჩევნებისთვის", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თქვენთან ინტერვიუში არაერთხელ მითქვამს, რომ ერთადერთი გზა ამ არაფორმალური მმართველობის დამთავრებისა, რაღაცნაირად შენიღბვისა არის ივანიშვილის პრეზიდენტობა. ის პრემიერი არავითარ შემთხვევაში არ გახდებოდა იმიტომ, რომ აქ პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. პრეზიდენტს კი არანაირი უფლება-მოვალეობები არ აქვს, არც დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება და რატომაც არა? ექნება პირველი პირის როლი და ამავდროულად არაფერს გააკეთებს, კულისებიდან გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ამ ყველაფერთან ერთად მისი სურვილიც შესრულდება - ის ვერ იტანს ავლაბრის რეზიდენციას, სავარაუდოდ გადავა თავის ოფისში და იქ მიიღებს სტუმრებს, ხოლო პრეზიდენტის სასახლეს ან გაყიდის, ან ახალ დანიშნულებას მისცემს... პირადად მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ის იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. თუ ასე მოხდა, მას მოუწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება.. ახლა მე წავილელაკაკულიებ და გეტყვით, რომ ოპოზიციას, დიდი ალბათობით გვეყოლება ერთიანი კანდიდატი და ივანიშვილს მასთან დაპირისპირება ძალიან გაუჭირდება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად უნდა გაქრეს, რადგან აღარაფრად ღირს...", - დაასკვნის რესპონდენტი.

ოჩამჩირეში, ქართველების 14 ნასოფლარში, სირიელი ლტოლვილების ჩასახლება იგეგმება

"აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მუჰაჯირთა შთამომავლების შეგროვების პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში და მათი განსახლება მოხდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად ქართველების ნამოსახლარზე. როგორც ე.წ. რეპატრიაციის საქმეთა მინისტრი ბესლან დბარი აცხადებს, რეპატრიანტების განსახლება მოხდება გაგრის, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში - ის უკვე შეხვდა ამ რაიონების დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოჩამჩირეში, ქართველების 14 ნასოფლარში, სირიელი ლტოლვილების ჩასახლება იგეგმება.

"ჩვენი დიასპორა ამას დიდი ინტერესით შეხვდა, უკვე მივიღეთ დიდი რაოდენობით განცხადებები ჩვენი თანამემამულეებისგან, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან სამუდამოდ დაბრუნდნენ აფხაზეთში. დღეისთვის აფხაზეთში ცხოვრობს 5 000 რეპატრიანტი, 200 ბავშვი ამ ოჯახებიდან ჩვენს სკოლებში სწავლობს. მას შემდეგ, რაც სირიამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენთან სირიიდან ჩამოვიდა 2 ოჯახი..." - განაცხადა დბარმა. ოჩამჩირის ადმინისტრაციის უფროსმა ხრიპს ჯოპუამ კი ოჩამჩირეში ქართველების მიერ მიტოვებულ შენობებზე ისაუბრა, სადაც ახლა რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება - "ოჩამჩირის რაიონში ცარიელია 14 სოფელი, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. ოჩამჩირეში არის ორის საცხოვრებელი კორპუსი, აქედან ერთში 20 ბინა უკვე მზადაა საცხოვრებლად, მეორეში - 78. სოფელ აჩგუარაში არის შესაძლებლობა ჩავსახლოთ 5 000 ადამიანი. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იქ უკვე მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა, სადაც 170-მდე ბავშვი ისწავლის, არის ბევრი ცარიელი მიწაც, რომელიც ასევე შეგვიძლია ჩვენს თანამემამულეებს გადავცეთ..." - თქვა ჯოპუამ. აფხაზეთში რეპატრიანთა ჩამოსახლებასთან დაკავშირებით აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის თქმით, რეპატრიანთა ჩამოსახლების საკითზე აფხაზები წლებია მუშაობენ, ისინი ჩამოიყვანეს თურქეთიდან, იორდანიიდან, მაგრამ მალევე უკან გაბრუნდნენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"სეპარატისტული ხელისუფლების მთავარია მიზანია შექმნან ბუფერული ზონა, დაასახლონ რეპატრიანტები და ხელის შეუშალონ ქართველების დაბრუნებას აფხაზეთში. საკურორტო ზონაში, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ამის უფლებას კრემლი არ მისცემს. რომ ამბობენ გაგრაში დავასახლებთო, შეიძლება სალაპარაკოდ რამდენიმე ოჯახი ჩაასახლონ. რეპატრიანთა ჩასახლება ძირითადად მოხდება ოჩამჩირის რაიონში - იმიტომ, რომ დიდი ტერიტორიაა და ფაქტობრივად დაუსახლებელი. ოჩამჩირის ზონაში ბევრი სახლია მიტოვებული და ალბათ აქცენტი სწორედ ამ ზონაზეა და სეპარატისტთა მიზანი ნათელია - არ დატოვონ ცარიელი ადგილი, რომ ქართველები არ დაბრუნდნენ. მაგრამ მთავარი კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია - დათანხმდებიან თუ არა ამ წინადადებას თავად რეპატრიანტები... ძირითადად ალბათ ჩამოსახლება მოხდება სირიიდან, რადგან იქ საომარი მოქმედებების და ეს ხალხი იძულებულია დატოვოს ტერიტორია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლევან კიკნაძე.

"ასევე დგას საკითხი, რამდენად აქვთ ამის ფინანსები აფხაზებს, რომ ასეთი მასობრივი კამპანია წამოიწყონ ან დაეხმარება თუ არა ფინანსურად რუსეთი  რადგან ამ ხალხს უნდა შეუქმნან საცხოვრებელი პირობები, უნდა აჭამონ და დაასაქმონ, რასაც ფული სჭირდება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, სირთულის წინაშე ვდგავართ - თუ გავაპროტესტებთ, გამოდის, რომ ხელს ვუშლით სირიიდან წამოსულ დევნილებს, რისი მორალური უფლებას არა გვაქვს და რუსებიც აქცენტს გააკეთებენ იმაზე, რომ ისინი დევნილები არიან. რაც შეიძლება გაკეთდეს არის ის, რომ გავაპროტესტოთ ქართველების სახლებში ჩასახლება და ქართველების საკუთრების ხელყოფა", - მიიჩნევს ლევან კიკნაძე.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წოწონავა აფხაზეთში რეპატრიანთა დაბრუნების კამპანიას ეჭვის თვალით უყურებს და ამბობს, რომ რეპატრიანტები არც თურქეთიდან დაბრუნდებიან და არც იორდანიიდან. რაც შეეხება სირიას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ომია, ხალხს იქ დარჩენა ურჩევნია, რადგან "კარგად იციან, რომ აფხაზეთში არც ომია და არც სიცოცხლე"... - წერს სტატიის ავტორი.

"გულრიფშშიც ჰყავდათ ჩამოსახლებულები, მაგრამ მალევე უკან გაბრუნდნენ. ახლა ამბობენ ოჩამჩირეში ჩამოასახლებენო, მაგრამ არც იქ გამოუვათ რამე. საკურორტო ზონაში კი რეპატრიანტებს არავინ ჩამოასახლებს - გაგრა და მთელი სანაპირო ზოლი რუსებმა უკვე დაიკავეს. მათ თავიდანვე არ უნდოდათ გაგრის აქეთ წამოსვლა - მათი მიზანი იყო აფხაზეთის საკურორტო ზონის ათვისება, რაც გააკეთეს კიდეც... მიზეზად მოჰყავთ, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და რეპატრიანტთა დაბრუნების კამპანია სწორედ ამას ემსახურება. დემოგრაფიული პრობლემები მართლაც არის აფხაზეთში, აფხაზი ეთნოსი აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამთავრდა აფხაზთა ბოგინი, გაქრება როგორც ეთნოსი ჩვენი მიწა-წყლიდან. აი, ეს გაუკეთა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ აფხაზ ხალხს", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისა ანზორ წოწონავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს