დავით ზალკალიანი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს აქტიურ ქმედებებს რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ვაცნობოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა“, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება რას წარმოადგენს სია, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ სიის დაკომპლექტება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

„ვიდრე აღნიშნული სია ოფიციალურად გაცხადდებოდა, ჩვენ უკვე აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით პარტნიორებთან, რისი შედეგიცაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტი. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენი დიპლომატიური მისიები, ჩვენი პარტნიორები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც ინდივიდუალურად ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინიტრო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ყველა პარტნიორთან, რათა იმ პირთა მიმართ, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაული ჩაიდინეს, შესაბამისი სანქციები იქნას მიღებული.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო