გენგეგმის თანახმად, სატრანსპორტო ელემენტის განვითარების პროცესებში პრიორიტეტულად ფეხმავალთა ინტერესები უნდა განისაზღვროს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სატრანსპორტო ელემენტის განვითარებისა და ოპერირების პროცესებში, პრიორიტეტულად ფეხმავალთა ინტერესები უნდა განისაზღვროს.

კერძოდ, საქალაქო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საფეხმავლო, არამოტორიზირებული, ბ) საჯარო ტრანსპორტი, გ) კერძო ტრანსპორტი.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენისას ეყრდნობა შემდეგ ძირითად კონცეპტუალურ მოსაზრებებს: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი და მედეგი ქალაქი.

„კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფციის მიზანია უზრუნველყოს ადამიანის ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მეორე წერტილამდე მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტულად და დროულად. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის სატრანსპორტო გამოწვევების გადაწყვეტის ძირითად გზად მოიაზრებს არსებული კერძო ტრანსპორტის მოთხოვნებზე დაქვემდებარებული სისტემური მიდგომის ცვლილებას. გეგმის თანახმად, ქალაქის სატრანსპორტო ელემენტის გეგმარება-განვითარებისა და ოპერირების პროცესებში პრიორიტეტულად უნდა განისაზღვროს ფეხმავალთა და არამოტორიზირებული ტრანსპორტის მომხმარებელთა ინტერესები და წახალისებული უნდა იქნას მოცემული ტიპის მგზავრობები.

ამასთან, გენგეგმა ხაზს უსვამს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ქალაქის საგზაო ქსელში ატარებს საორიენტაციო ხასიათს საგზაო ქსელის სრულყოფისათვის აუცილებელი ტერიტორიული რესურსული პოტენციალის შენარჩუნების მიზნით და ისინი არ შეიძლება აღქმული იქნას როგორც განხორციელებისათვის უპირობად სავალდებულო გეგმარებითი ცვლილებები.

კონცეფცია ასევე გულისხმობს ქალაქში სატრანსპორტო პირორიტეტიზაციის რეგულირების მიზნით პარკირების განფასებითი სისტემის შექმნას - ქალაქში მსხვილი საპარკინგე არეალებისა და ობიექტების განთავსება უნდა მოხდეს ერთიანი გათვლითი მოდელის საფუძველზე და საპარკინგე ობიექტების მაგნიტუდასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრება ქალაქში უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობა. ასევე, საბაგირო კავშირების განვითარება და შესაბამისი განვითარებითი პოტენციალის შენარჩუნება განიხილება პრიორიტეტულად, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისთვის. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული საბაგირო კავშირები წარმოდგენილია საორიენტაციო მიმართულებების სახით, რომელთა მიზანშეწონილობა, ტრასირების დეტალები და სხვა საკითხები უნდა დაზუსტდეს შემდგომი ეტაპის კვლევებითა და კონკრეტული პროექტებით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს