ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2018

რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება

***

რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება

"მესტიაში გიგანტური ჰესის მშენებლობამ ხეობის უსაფრთხოება კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ. ჭუბერში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ჰესების ავკარგიანობის საკითხზე დისკუსია გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ნახეს "გაბრაზებული მდინარე", რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. ისინი შიშობენ, რომ ნენსკრაჰესის არსებობის შემთხვევაში, საფრთხე მეტი იქნებოდა, რასაც სპეციალისტების ნაწილი არ იზიარებს. ფაქტია, რომ სვანეთის ბუნება ადამიანის ჩარევას ვერ იტანს. კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობა გარკვეული ვადით გაჩერდება, თუმცა არანაირი ცვლილება პროექტში არ მოხდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ. არ არის საუბარი იმაზე, რომ მეწყერის ჩამოწოლის გამო, ჩვენ განვიხილავთ პროექტის მთლიანად შეწყვეტას, დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას, თუმცა ვადასტურებთ, რომ პროექტი გარკვეული ვადით გაჩერდება, რაც შექმნილ ვითარებაში ბუნებრივია. არანაირი ცვლილება პროექტში არ მოხდება", - განუცხადეს "რეზონანსს" "ნენსკრა ჰიდროში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება / "ვადასტურებთ, რომ პროცესი გარკვეული ვადით გაჩერდება, მაგრამ პროექტში არანაირი ცვლილება არ შევა"

"როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრაჰესის მოსამზადებელი სამუშაოები ისედაც გაჩერებულია. იგი გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. შესაბამისად, არანაირი ზეგავლენა ბუნებაზე მათ არ მოუხდენიათ. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ, მდინარის მიმართულებით. მესტიის მუნიციპალიტეტ ჭუბერში მთის ნაწილი გუშინ 13 საათზე ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა შიდა სასოფლო გზების დამაკავშირებელი 5 ხიდი, საკარმიდამო ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობები წაიღო. საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა. მესაზღვრეების ინფორმაციით, სვანეთში მთა მეორედ დღის მეორე ნახევარშიც ჩამოიშალა. ადგილზე ახლაც რთული ვითარებაა და ხალხი დახმარებას ელოდება. მესტიის გამგებელ კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სტიქიური შემთხვევისას ზარალი დიდია. ჭუბერის თემში წაღებულია გზები და ხიდები. "მოხდა მდინარის შენაკადის დაგუბება, ერთბაშად გაარღვია და წამოიღო მცენარეები და რაც კი შეხვდა გზაში. წყალი შევარდა ეზოებში, სახლებში. ზარალი ძალიან დიდი გვაქვს. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობებია წაღებული. მოქალაქეები, ვისაც საფრთხე ემუქრება, ღამეს ახლობლების ოჯახებში გაათენებენ", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა. გუშინვე, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, შეეძლო თუ არა სტიქიური მოვლენის გამოწვევა ნენსკრაჰესის მშენებლობას", - აღნიშნავს გამოცემა.

"თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ მთის ჩამოშლა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და მას ჰესის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. სპეციალისტები საკითხს სვამენ პირიქითაც, როგორ იმოქმედებდა სტიქია ჰესზე, რომ მისი მშენებლობა ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. აქაც აზრთა სხვადასხვაობაა. ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ წყალსაცავი, არსებობის შემთხვევაში, ხეობას დაიცავდა. "ჰესის მშენებლობის პროცესთან მეწყერის დაკავშირება ცოტა უხერხული თემაა. ჩვენ ვიცით, რომ არ ყოფილა ისეთი მასშტაბური სამუშაო, რომ გარემოზე ზემოქმედება მოეხდინა. რომც დაწყებულიყო ეს პროცესი, სტიქიას ნამდვილად არ გამოიწვევდა. ჰესთან მიმართებაში საფრთხე არ არის, პროექტი ნანახი მაქვს და დამაჯერებლად შემიძლია თქმა, რომ ის მაქსიმალურად დაცულია, მაღალ დონეზე კეთდება და მსგავსი რისკი გათვალისწინებულია. გაუმართლებელია რამე კავშირის გამოძებნა, გვირაბების მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამჟამად მუშაობენ გამოკლევებზე იქ, სადაც კაშხალი უნდა აშენდეს და გზის პროფილზე", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება საკითხს, თუ ჰესზე რა გავლენას მოახდენდა გარემო, საფრთხეს ვერც ამ მიმართულებით ვხედავ. კაშხალის არსებობის შემთხვევაში, ჩამოშლილი მასა წყალსაცავის აუზში შეაღწევდა და მის მოცულობას შეამცირებდა, მაგრამ დატბორვით ხეობა უფრო მეტად ნამდვილად არ დაიტბორებოდა, ვიდრე ახლა მოხდა", - განუცხადა "რეზონანსს" ფირცხელანმა. საპირისპირო მოსაზრებისაა ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი. ის ფიქრობს, რომ ჰესის შემთხვევაში ხეობა ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე დღეს. მიუხედავად ამისა, ჭიპაშვილიც ამბობს, რომ მომხდარის დაკავშირება ჰესის მშენებლობასთან უსაფუძვლოა, სანამ კითხვებს კვლევით არ გაეცემა პასუხი. "სათანადოდ უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა რეალურად. მოსახლეობა ამბობს, რომ საპროექტო არეალში არსებული მთაა, მაგრამ კომპანიამ საპირისპირო განაცხადა. რა მოხდა, ჯერჯერობით გაუგებარია. ხალხი ამბობს იმას, რაც მოხდა, მაგრამ გამომწვევ მიზეზს სპეციალისტები დაადგენენ. მომხდარს ერთმნიშვნელოვნად ინვესტორს ვერ დავაბრალებთ. გეოლოგიურად აქტიური ზონაა და საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ის უფრო მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, რომ ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სათანადოდ შესწავლილი არ არის, თუ რა ზემოქმედებას ახდენს გარემოზე არა მხოლოდ ჰესი, არამედ ისიც, გარემო როგორ იმოქმედებს ჰესზე, ამასაც უნდა გაეცეს პასუხი. საპროექტო არეალში ათამდე ღვარცოფული ხევია და ნებისმიერ დროს არის მსგავსი სტიქია მოსალოდნელი. წარმოდგენაც არ მინდა, რა დაემართებოდა ჰესს, ვფიქრობ, უარეს სიტუაციას მივიღებდით. ზოგადად კომპლექსური საკითხია, რაზეც შეფასების გარეშე ვერ ვისაუბრებთ", - აღნიშნა ჭიპაშვილმა", - დასძენს გამოცემა.

"ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა კატეგორიულად ემიჯნება აზრს, რომ ჰესის მშენებლობის პროცესს მეწყერის გამოწვევა შეეძლო. ისინი ამბობენ იმასაც, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დღეიდან მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ჭუბერის მკვიდრი მინდია გურჩიანი "რეზონანსთან" ამბობს, რომ საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ მეტი დაფიქრებაა საჭირო - ასეთი რისკის ფონზე რამდენად მიზანშეწონილია ნენსკრაჰესის მშენებლობა. ამავე სოფლის კიდევ ერთი მკვიდრის, გია ვიბლიანის თქმით, ამ ეტაპისთვის სამაშველო სამსახურები მობილიზებულია, სოფლის თავზე ვერტმფრენიც გამოჩნდა და სრული მზადყოფნაა, რომ მოსახლეობას დაეხმარონ. ამ მომენტისთვის "ნენსკრა ჰიდროს" თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ ადგილობრივ მოსახლეობას", - წერს სტატიის ავტორი.

მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება

“ვინ დაიკავებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს - ეს საკითხი შესაძლოა, პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის მორიგი უთანხმოება-დაპირისპირების მაპროვოცირებელი გახდეს. საქმე ისაა, რომ, კანონის თანახმად, ავტონომიის ახალი ხელმძღვანელი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს 2 კვირის ვადაში და გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს, თბილისში "ოცნების" ლიდერებთან გაიაროს კონსულტაციები და შეათანხმოს, თუ ვის წარადგენს თავმჯდომარის პოსტზე. თუ მარგველაშვილი ისეთ კანდიდატს წარადგენს, რომელიც "ოცნების" მთავრობისთვის თბილისში მიუღებელი იქნება, მას მხარს აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, ანუ აჭარის "ქართული ოცნება" არ დაუჭერს. ეს ერთგვარ კრიზისს შექმნის და შესაძლოა, აჭარაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც კი გახდეს საჭირო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით მარგველაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - დაპირისპირება ამჯერად აჭარაში იწყება

"აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური ოთხშაბათს გახდა, როდესაც მოქმედმა ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. პატარიძე ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის უშუალო კადრი იყო და კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ მისი წასვლაც არავის გაჰკვირვებია. ახლა დიდი ინტერესია, თუ ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე და გაუწევს თუ არა ანგარიშს გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები. იმისათვის, რომ მთავრობის მეთაური დამტკიცდეს, აუცილებელია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ნახევარზე მეტმა დაუჭიროს მხარი. უმაღლესი საბჭო 21 წევრისგან შედგება, შესაბამისად, ახალ თავმჯდომარეს 11 ხმა სჭირდება, საბჭოში "ქართულ ოცნებას" უმრავლესი, 14 მანდატი აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თუ მარგველაშვილის წარდგენილი კანდიდატი და ახალი მთავრობა "ოცნების" ლიდერებისთვის თბილისში მიუღებელი იქნება, მას მხარს ბათუმში არ დაუჭერენ. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი მომდევნო 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ 2-ჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს. გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლას კანონმდებლობა არ ავალდებულებს და კანონმდებლობით გაწერილ 2 კვირის ვადაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, მათ შორის - ოპოზიციასთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა გარკვეული უკმაყოფილება საპარლამენტო უმრავლესობაში“, - განაგრძობს გამოცემა.

"ქართული ოცნების" წევრ დავით მათიკაშვილს იმედი აქვს, პრეზიდენტის მხრიდან "არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი". აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თავისი ნებით გადადგა. ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ახალი პროექტებია დასაწყები. ჩვენ ამ საჭიროებების კუთხით ვიმსჯელებთ და განვიხილავთ ყველა კანდიდატს, რომლებიც იქნებიან წარდგენილი. რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ ზოგადად, კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის - ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობა. ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც ამას მოითხოვს დღეს მოქმედი კონსტიტუცია. ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, იქნება სწორი პოზიცია იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის - პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს", - განაცხადა მათიკაშვილმა. იმას, რომ "ოცნებას" საკუთარი კანდიდატის დასახელება სურს, ადასტურებს თბილისის მერი კახა კალაძე“, - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ ჩვენი კადრების დასახელება გვსურს. ჩვენ ვართ პარტია "ქართული ოცნება", მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი. აბა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ხომ არ დავასახელებთ?" - ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს კალაძე. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ თუ ცენტრალური მთავრობა არ გაიზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურას მარგველაშვილი მთავრობასთან არ შეათანხმებს, შესაძლებელია, საკითხი დავის საგანი გახდეს და დავამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გადაინაცვლოს. მისი თქმით, არის ცენტრალური კონსტიტუცია და არის ავტონომიური კონსტიტუცია და ეს ორი დოკუმენტი თანაბარი ძალის მქონეა, თუმცა აჭარის მთავრობის მეთაურის შერჩევა-წარდგენის საკითხში ეს დოკუმენტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"აჭარის შესახებ კონსტიტუციურ კანონში არ არის მითითება, რომ პრეზიდენტს ახალი კანდიდატის წარდგენაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, თუმცა კონსტიტუციის ძირითადი ტექსტისა და ასევე, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონის ტექსტის ერთობლიობაში წაკითხვით ცხადი გახდება, რომ კონსტიტუციის იდეა არის ის, რომ პრეზიდენტმა ახალი კანდიდატურა ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად უნდა წარადგინოს. ჩემი აზრით, გონივრული განმარტება იქნებოდა, თუ პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარადგენდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. თუმცა, როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად განმარტავს და მას პრინციპში ეს უპირატესობა აქვს, ის არის სამართალგამომყენებელი და როგორც სურს, ისე განმარტავს ამ შემთხვევაში. ამის შემდეგ, თუ მთავრობა არ დაეთანხმება ამ განმარტებას, შესაძლებელია, რამდენიმენაირად განვითარდეს მოვლენა - ერთ-ერთი არის საკონსტიტუციო სასამართლოში დავა კომპეტენციის თაობაზე. ვის დაასახელებს პრეზიდენტი ახალ თავმჯდომარედ, ამაზე მის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. აცხადებენ, რომ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია. ერთ-ერთი ვერსიით, "ქართულ ოცნებაში" ორი კანდიდატი განიხილება. ერთ-ერთი თორნიკე რიჟვაძეა, რომელსაც კახა კალაძე ლობირებს. ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. გარკვეული პერიოდი ის კახი კალაძის მოადგილედ მუშაობდა. მეორე სავარაუდო კანდიდატი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს რეკომენდაციით დაინიშნა“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს