ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული რამაზ მარგოშვილის ჩვენებით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედოვი და ადაშევი ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას გეგმავდნენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას და დაყაჩაღებას გეგმავდნენ. ამის შესახებ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული რამაზ მარგოშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებულ ჩვენებაში მარგოშვილი აცხადებს, ახმედ ჩატაევთან ერთად ჩამოსული ორი მებრძოლი ყაჩაღობას შავლახ ქავთარაშვილთან ერთად გეგმავდა. მარგოშვილის ჩვენების თანახმად, საუბარია ერთ-ერთ პირზე, რომელსაც ბიზნესი ლილოში აქვს. ბრალდებულის ინფორმაციით, ქავთარაშვილს ახმედ ჩატაევის ვალი ჰქონდა, აღნიშნული ვალის ამოსაღებად კი საქართველოში ჩამოსულმა ჩატაევმა ქავთარაშვილთან, ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი გაუშვა. მასთან მისულებს კი ქავთარაშვილმა ერთ-ერთი ბიზნესმენის დაყაჩაღება შესთავაზა.

რამაზ მარგოშვილის ჩვენების თანახმად, შავლახ ქავთარაშვილი სოლტ ახმედოვს და იბრაჰიმ ადაშევს რამდენჯერმე შეხვდა. მისივე ინფორმაციით, ერთი შეხვედრა, ერთ-ერთმა მოქალაქემ დააფიქსირა, რის გამოც ქავთარაშვილი მის ლიკვიდაციასაც გეგმავდა. როგორც რამაზ მარგოშვილი, ასევე შავლახ ქავთარაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულები არიან, თუმცა როგორც ცნობილია, ქავთარაშვილის საქმე სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ბრალდებულს კი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა მარგოშვილის ჩვენების საფუძველზე გამოძიება და შესაბამისი კითხვებით საქმის პროკურორს მიმართა.

„ბრალდებულის მიერ დასახელებული პირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის მოწმეა. მან მისცა ამ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება. ცხადია, გამოძიებით გადამოწმდება რამაზ მარგოშვილის ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაცია. თავისთავად, თუკი გამოძიებით მისი ჩვენება დადასტურდა, ამ შემთხვევაში თავად ბრალდებულის დანაშაული იკვეთება, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობა“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

სუს-მა ანატიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს