ირაკლი კობახიძეს გიორგი მარგველაშვილის განცხადებები “მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ ანეკდოტს ახსენებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები “მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ ანეკდოტს ახსენებს.

კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად ქმნის და „ქართული ოცნება“, ისე როგორც დანარჩენი პოლიტიკური ელიტა ელოდება, დაასახელებს თუ არა მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას.

კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება“ თავის გადაწყვეტილებას შესაბამის სამართლებრივ ვადებში გააჟღერებს.

“ჩვენ ვთქვით, რომ თვის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები და ამის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებას, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. კონსულტაციები შედგება თვის ბოლომდე და ეს ბუნებრივია, რაიმე სპეკულაციის საფუძველს არ იძლევა. მარგველაშილის მხრიდან ამ სპეკულაციებს მუდმივად ვისმენთ. მას შეუძლია თავისუფლად მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის და არც არავინ უშლის. მან იფიქროს საკუთარ გადაწყვეტილებაზე და დიდად ნუ იფიქრებს სხვების გადაწყვეტილებაზე. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა შანსი, რომ სოლიდური შედეგი დადოს ამ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში თავად უნდა აწონ-დაწონოს. თავად უნდა მოიფიქროს რომელ ადგილას გავა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მეორე ადგილზე გასული ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ. აქედან შეგიძლიათ განსაზღვროთ ჩვენ ველოდებით სხვას, თუ სხვა გველოდება ჩვენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, სწორედ გიორგი მარგველაშვილი ელოდება “ქართულ ოცნებას“, რომ პარტიამ თავისი კანდიდატურა დაასახელოს.

“არის ასეთი ანეკდოტი „მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ და შეიძლება ეს გავიხსენოთ, ანუ ადამიანმა წარმოაჩინოს თავისი თავი ისეთად, როგორიც არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს „ქართული ოცნება“, მოსწონს ეს მარგველაშვილს თუ - არა. ვიცით, რომ არ მოსწონს, თუმცა დღის წესრიგის წარმართვაში გიორგი მარგველაშვილის როლი არის ნული. “ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც გარანტირებულად მიიღებს დიდ მხარდაჭერას ამ არჩევნებში და ჩვენ გვექნება დიდი უპირატესობა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილას გასული კანდიდატების მიმართ. ჩვენ არავის არ ველოდებით, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და არ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ღირსეულ კანდიდატს დავასახელებთ ამ არჩევნებში, მაგრამ ვინც არ უნდა დასახელდეს, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით მაინც გვექნება დაახლოებით სამმაგი სხვაობა ამ არჩევნებში. ნუ დაელოდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თავად გარისკოს და იმის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ „ქართული ოცნება“ სუსტ კანდიდატს წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა