დავით უსუფაშვილი - სუს-ით და ფულის უძირო სკივრით მხარდაჭერილი კანდიდატი - საკუთარიც, სხვისიც, დამოუკიდებელიც და „დიმიტრი გელოვანიც“ - პრეზიდენტობის ბუტაფორიად გადაიქცევა

სუს-ით და ადმინისტრაციული რესურსით, ფულის უძირო სკივრით და მიკერძოებული მედიით მხარდაჭერილი კანდიდატი - საკუთარიც, სხვისიც, დამოუკიდებელიც და „დიმიტრი გელოვანიც“ - პრეზიდენტობის ბუტაფორიად გადაიქცევა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოზიცია შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ სხვა განცხადებებს, მათ შორის ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან მიმართებაში, უსუფაშვილის შეფასებით: „ივანიშვილმა გვითხრა, რომ დედამიწის ზურგზე ყველამ ან უკვე უმტყუნა ან მალე უმტყუნებს და ამიტომ იძულებულია თავად მიხედოს ყველაფერს - ერს, ბერს, ქვეყანას“.

„ეს ძალიან სახიფათო, თუმცა, არა უნიკალური შეცდომაა. ამ შეცდომისგან თავის დასაღწევად საკმარისია ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის თავის თავს დაუბრუნდეს მოქალაქის, ერის, სახელმწიფოს, თავისუფლების, კანონის, დემოკრატიის გააზრებაში. და, რაც მთავარია, მან წარმოუდგენელ კატასტროფად არ უნდა მიიჩნიოს იმის დაშვება, რომ შესაძლოა, მასაც შეეშალა რაღაცები და არა მარტო ყველა დანარჩენს...

რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვის დაუჭერს ივანიშვილი მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ათჯერ უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება ეს მხარდაჭერა. სუს-ით და ადმინისტრაციული რესურსით, ფულის უძირო სკივრით და მიკერძოებული მედიით მხარდაჭერილი კანდიდატი - საკუთარიც, სხვისიც, დამოუკიდებელიც და „დიმიტრი გელოვანიც“ - პრეზიდენტობის ბუტაფორიად გადაიქცევა.

მეტიც, საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნებით საუკეთესო პრეზიდენტიც რომ მივიღოთ, მაინც არ იქნება საკმარისი. სახელმწიფო სისტემის გაჯანსაღებისთვის და იმავე „ოცნების“ პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაქცევისთვის აუცილებელია ანტიმონოპლიური პოლიტიკური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შემოღება.

და კიდევ მეტიც, ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ და სწორადაც რომ გაკეთდეს, სასამართლოს ფეხზე წამოყენების გარეშე ყველანი ერთად კვლავაც სახელმწიფობანას თამაშს გავაგრძელებთ. საჭიროა მკვეთრი საკადრო და ინსტიტუციური ცვლილება, რაც პოზიტიურ დინამიკას გააჩენს და რეალურ პრობლემებთან ერთად დამკვიდრებულ სტერეოტიპებსაც გააქარწყლებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა