ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი სრულდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის II ეტაპი სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „კავკასიურ სივრცეში უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც უნიკალური ნაქალაქარის (ძვ.წ.აღ. IX-ახ.წ.აღ. VIIსს.) ტერიტორიაზე, ექიმების მეთვალყურეობით, ვეტერანი სამხედროების საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნოქალაქევის ქართულ-ინგლისურ არქეოლოგიურ სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილეობას გულისხმობს“. სამშვიდობო მისიებში მონაწილეთა ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები ჩართულები არიან როგორც საველე, ისე ლაბორატორიულ სამუშაოებში. არქეოლოგიური კვლევა ძიების 1 თვიან პროცესში წელს 4 ქართველი ვეტერანი სამხედრო პირი ჩაერთო.

„ანალოგიური პროგრამა ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსზე გასულ წელსაც განხორციელდა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ვინჩესტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამაზე მოსწავლე სამი ბრიტანელი ვეტერანი ჯარისკაციც მონაწილეობდა. საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შესამსუბუქებლად, ნოქალაქევის ქართულ - ინგლისურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ისინი ვიცე-პოლკოვნიკ და არქეოლოგ ჯაილს ვუდჰაუზისა და არქეოლოგიის დოქტორის პოლ ევერილის ორგანიზებით მოხვდნენ, პოლ ევერილი თავის მხრივ ნოქალქევის ექსპედიციის თანახელმძღვანელია, ხოლო თვითონ ექსპედიციას დოქტორი ნიკოლოზ მურღულია უძღვება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა უახლოეს დღეებში ხვამლის მთის არქოლოგიური ექსპედიციის ფარგლებშიც აიღებს სტარტს. სამეცნიერო კვლევით პროცესში აგვისტოს თვიდან 7 ქართველი ვეტერანი 20 დღის განმავლობაში ჩაერთვება.

„ნოქალაქევის არქიტექტურულ კომპლექსში არქეოლოგიური გათხრების პროცესი დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა, რომელმაც ექსპედიციის მონაწილენი სამეცნიერო ლიტერატურით დაასაჩუქრა” ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

„საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით, მიმდინარე წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო პირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. ამ ტიპის თანამონაწილეობასთან ერთად, მემორანდუმი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმ ნაკრძალებსა და მუზეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების საფასურის გარეშე მომსახურებით სარგებლობასაც მოიცავს” - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო