ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ხაშურის, ზემო და ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხის წყალმომარაგების, საკანალიზაციო ქსელისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის წინასწარი გარემოსდაცვითი კვლევის და სოციალური გარემოს შეფასების საკითხებზე განხილვა მოეწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, განხილვას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გარემოს დაცვის, განსახლების და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი მაკა გოდერძიშვილი, პროექტის მომამზადებელი კომპანია ,,Caspian Business Management and Consulting“ LLC-ს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები.
მუნიციპალიტეტის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას ქალაქ ხაშურსა და სოფლებში: ზემო და ქვემო ოსიაურსა და ცხრამუხაში. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: წყალმომარაგების სისტემა, წყალარინების სისტემა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა. პროექტის დონორია საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD).
შეხვედრაზე იმსჯელეს ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის არსებულ მდგომარეობაზე და განიხილეს სამომავლოდ პროექტით დასახული პერსპექტივები. მათ ისაუბრეს პროექტის დადებითი სოციალური ზემოქმედების შესახებაც, რაც გარდა იმისა, რომ მოსახლეობისთვის ხარისხიანი და საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის მიწოდებას და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა, ასევე ითვალისწინებს დამატებით სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელსაც, რაც მოკლევადიანი სამუშაო ადგილების შექმნაში გამოიხატება.
შეხვედრაზე ასევე გაიმართ დისკუსია, რომლის დროსაც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან პროექტს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ხაშურის, ზემო და ქვემო ოსიაურის და ცხრამუხის წყალმომარაგების, საკანალიზაციო ქსელისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის დასაწყისი 2019 წლისთვის არის განსაზღვრული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"