„ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც თბილისის მთავრობას მოუწოდებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოდან“ აცნობეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის არდაშვებასთან დაკავშირებით.
„2018 წლის ივნისში ქალაქის არქტიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“ დაუდგინა სამშენებლო პირობები მრავლფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად. 8 აგვისტოს ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცისა და ორანჟერეის მშენებლობას გეგმავს. თბილისის მერიაში შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც იგეგემება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.
დიღმის მოსახლეობამ, 500-ზე მეტმა ხელმომწერმა, განცხადებით მიმართა თბილისის მერიას, რომ არ დაეშვა მორიგი მშენებლობა ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას და მიმართავენ თბილისის მერსა და საკრებულოს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისათვის და დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად“, - ნათქვამია განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"