ეკა გიგაურის შეფასებით, განათლების სისტემაში საკადრო ცვლილებები თუ საკუთარი კადრების მისაყვანად არის მიმართული, მაშინ უარყოფითად შეფასდება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, თუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები განათლების სისტემის რეფორმას ემსახურება, ამას არასამთავრობო ორგანიზაცია დადებითად აფასებს, თუმცა თუ საკუთარი კადრების სისტემაში მისაყვანად არის მიმართული, მაშინ უარყოფითად იქნება შეფასებული. ამის შესახებ ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის - “დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიგაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში განათლების სისტემაში არსებული სიტუაცია ძალიან აქტუალური გახდა, რადგან ფაქტობრივად, სამინისტროში მენეჯმენტის დიდი ნაწილი შეიცვალა.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ თუკი ეს საკადრო ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ მართლაც სიღრმისეული რეფორმა ჩატარდეს განათლების სისტემის, რა თქმა უნდა, ეს კარგია, თუმცა თუ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უბრალოდ, თავიანთი კადრები მოიყვანონ სისტემაში და ამის მიზანი არ არის ზოგადად, ამ სისტემის რეფორმა, ცხადია, ეს ჩვენი მხრიდან უარყოფითად იქნება შეფასებული”,- აღნიშნა ეკა გიგაურმა.

კვლევის ძირითად მიგნებებზე საუბრისას ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში ბევრი გამოწვევა არსებობს და ამ მიმართულებით ქვეყანა პრობლემების წინაშე დგას. მისივე შეფასებით, საგანგაშოა ის, რომ მასწავლებლების მხოლოდ 30%-ს აქვს საკვალიფიკაციო გამოცდის დროს მინიმალური ზღვარი გადალახული.

“ფაქტობრივად, მასწავლებლების 30% არის კვალიფიციური და ისინი ასწავლიან ბავშვებს და დანარჩენ პედაგოგებს შესაბამისი მაღალი დონის კვალიფიკაცია არ აქვთ და ეს საგანგაშო და ძალიან ცუდია. რაც შეეხება გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელსაც, აქაც გაუარესებულია სიტუაცია და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და წლების განმავლობაში ამ თანხების რაოდენობა მატულობს კიდეც. ერთი მხრივ, დიდი ფული იხარჯება განათლების სისტემაზე, თუმცა მეორე მხრივ, ეს არ გამოიყენება იმისთვის, რომ გაიზარდოს განათლების ხარისხი”,- აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე დღის წინ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა