ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას - ბიუჯეტი გაზარდეთ ქარხნების აშენებით და არა მარიხუანას დათესვით

ბიუჯეტი გაზარდეთ ქარხნების აშენებით და არა მარიხუანას დათესვით,- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს. ბურჯანაძე „სამარცხვინოს“ უწოდებს მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას და საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტს მკაცრი შეფასება მისცეს.

„მარიხუანასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანა და ქვეყნის მომავალი ამ ადამიანებს არაფრად არ უღირთ. ის სამარცხვინო საბჭოს სხდომა, ის სამარცხვინო ინიციატივები, რომელიც ეხება მავნე ნივთიერების მოყვანას და ექსპორტზე გატანას, არის ქვეყნისათვის დამღუპველი დანაშაული. მოხარული ვარ, რომ ამ მავნებლობას ეკლესია გამოეხმაურა და ხმა აიმაღლა. მე და ჩემი გუნდი, რა თქმა უნდა მათ ამ პოზიციას ვიზიარებთ, მაგრამ ველოდებით, რომ ქართული საზოგადოებაც იქნება ადეკვატური და არ დაუშვებს საკუთარი შვილების და მომავლის სრულ კატასტროფას. რომელ პენსიონერს მოუნდება, მისი პენსია გაიზარდოს შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობის ზიანის მიყენების ხარჯზე?“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ახალი გამოსავალი იპოვა, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ვერ იფიქროს და შესაბამისად ამ პრობლემებზე ხელისუფლებას პასუხი არ მოსთხოვოს.

„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ვერაფერი შეთავაზა საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვერ მისცა ვერც ახალი სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებოდნენ, ვერ მისცა მათი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება, უპოვა სხვა გამოსავალი - მაქსიმალური გაბრუება, რომ ვერ იფიქრონ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია.

ბატონებო, ბიუჯეტი გაზარდეთ ქარხნების აშენებით და არა კანაფის დათესვით. ბიუჯეტი გაზარდეთ სოფლის მეურნეობის განვითარებით, ფაბრიკებით, ახალი სამუშაო ადგილებით და არა იმით, რომ კანაფის დათესვა დაიწყოს ხალხმა და გაბრუებულმა იაროს ჩვენმა მოსახლეობამ, ქვეყანაში სადაც ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა