ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგს კომპანია "იქს 2" გააკეთებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით სხვა კომპანიები არ დაინტერესებულან.
"მინდა დღევანდელი სხდომა დავიწყო მნიშვნელოვანი პროექტით, როგორიც არის მიწისქვეშა პარკინგები. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, რომ პარკინგის სისტემა მოვაწესრიგოთ და არ ვიყოთ იმ ქაოტურ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, თუმცა პირველ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა და თავიდან იქნა გამოცხადებული. ინფორმაციის სახით მინდა მოგაწოდოთ, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არის ინტერესი, ეს არის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული, აქვს ინტერესი ამ პროექტის განხორციელების და ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. მას აქვს ვალდებულება 5 თვის განმავლობაში დეტალური ტექნიკური კვლევა ჩაატაროს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთი პროექტის განხორციელება და ქალაქში მიწისქვეშა პარკინგების არსებობა მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიას ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა კალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"