"ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი ტექდათვალიერების პროცესში მოსალოდნელ პრობლემებზე და მონოპოლიის საფრთხეებზე საუბრობს და საკითხის დარეგულირებისთვის პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართავს.
როგორც ვაჟა იორდანაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარი პრობლემები იკვეთება იმ მხრივ, რომ მცირე ბიზნესში საბანკო სფერო შემოდის, რომელშიც ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ერევა.
მისი თქმით, ტექდათვალიერების ბაზარზე გამარჯვებულად გამოცხადდა "პრემიუმ რეზიდენსი", რომელიც არის "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "ალდაგის" ასევე შვილობილი კომპანია, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. იორდანაშვილი ამ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.
"საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ეს არის ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ამის თაობაზე ვაცნობოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს. ჩვენი შეშფოთების მიზეზთან დაკავშირებით ორ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ: პირველი, მნიშვნელოვანია ის, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დაანონსდა რეფორმა და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც არსებულ ინსპექტირების ცენტრებს შეეზღუდათ განვითარების საშუალება. ისინი დარჩნენ იმ ვითარებაში, სადაც იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი იყვნენ ბაზარზე წარმოდგენილი. შემდგომ ბაზარი მთლიანად ჩაიკეტა და შერჩევის პროცესი განხორციელდა. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა გამარჯვებულ კომპანიად გამოცხადდა "პრემიუმ რეზიდენსი". ეს არის "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია "ალდაგის" ასევე შვილობილი კომპანია და რომელთანაც უშუალოდ გაფორმდა ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროს მიერ. პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ იმიტომ, რომ პრემიერმა განაცხადა, რომ ბანკი ზოგადად, არ უნდა ერეოდეს ბიზნესში, არ უნდა იყოს დივერსიფიცირებული საბანკო სფერო. ეს ნამდვილად შეშფოთებას იწვევს და იქ, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესია ბანკი საკუთარი აქტივების დივერსიფიცირებას ახდენს. ცხადია, ეს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც მათ კანონითაც ეკრძალებათ. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ უკანონობას წერტილი დაესვას და ამ ბიზნესს განვითარების საშუალება მიეცეს",- განაცხადა იორდანაშვილმა.
რაც შეეხება მეორე პრობლემას, მისი თქმით, ავტომობილების ინსპექტირების სფეროში ეკონომიკის სამინისტრო ერევა.
"მეორე მიმართულებაა ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი ჩარევა მცირე ბიზნესში, კერძო სექტორში. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ 2018 წლის 8 იანვარს, ეკონომიკის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რისი დისკრეციის უფლება მას არ ჰქონდა, დაწესდა რეგულაციები არარეგულირებად სფეროში. ანუ, ავტომობილების ინსპექტირების სფერო არის არარეგულირებადი სფერო და ბაზარზე დაშვების ერთადერთი ინსტრუმენტი აკრედიტაციაა. აკრედიტაციებს გასცემს აკრედიტაციის ეროვნული ორგანო, აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. მას ორი კანონი არეგულირებს: კანონი-საგზაო მოძრაობის შესახებ და კოდექსი - პროდუქციის უსაფრთხოების მიმოქცევის შესახებ. ამ ორივე კანონით საქართველოში ამ სფეროში დაშვების ერთადერთ ინსტრუმენტად აკრედიტაცია გამოიყენება. მიუხედავად ამ ორი კანონისა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც არსებულ კომპანიებს, რომლებიც ამ ბიზნესში იყვნენ წარმოდგენილნი(იმ პერიოდისთვის ასეთი 27 კომპანია იყო)დაუდგინდათ ახალი თამაშის წესები",- განაცხადა იორდანაშვილმა.
მისივე თქმით, შერჩევის პროცესი, რომლის თანახმადაც გამარჯვებული გამოცხადდა და რომელსაც სფეროში ოპერირების უფლება არ ჰქონდა, ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"