საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“’ წევრმა სალომე სამადაშვილმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ კანონში ცვლილებები წარადგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.
სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკა სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას გამოიწვევს.
„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის უმუშევრობა რჩება მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია მიგრაციის პოლიტიკაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს დასაქმდნენ საკუთარ ქვეყანაში.
ამ მიზნით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს კანონში ''უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ''.
საკანონმდებლო ცვლილებები:
1. გაამკაცრებს შრომითი ბინადრობის მიღების უფლებას: საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს უცხოელი მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა. უცხოელი მოქალაქისთვის შრომითი ბინადრობის მოთხოვნასთან ერთად დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დასაბუთება, რომ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მისაღებად ვერ მოიძებნება საჭირო კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. მკაცრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400,000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში სამწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას, ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას და დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.
3. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად აუცილებელი გახდება სახემწიფო ენის ელემენტარული ცოდნა, აგრეთვე საქართველოში განხორცილებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში.
4. მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტი უქმდება'', - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"