სიმბოლურია, რომ პრემიერის გამოსვლა დაემთხვა სოხუმის დაცემის დღეს და პრემიერმა აფხაზ და ოს დებს და ძმებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი მათ გარეშე არ წარმოგვიდგენია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილი გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლას.
„მსოფლიომ გაერო-ს ტრიბუნიდან მოისმინა ქართული გამოსვლა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც შეეხებოდა ოკუპაციას რუსეთის მხრიდან. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გეზს, რომელიც არჩეული გვაქვს, ესაა - ევროინტეგრაცია, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, ხარისხიანი განათლება, ადამიანებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ინიციატივას „თბილისის ფორუმის“ ჩატარების თაობაზე, რომელიც არის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის დაფიქსირდეს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ. საქართველო ყოველთვის იყო ადგილი, სადაც მუდმივად იმართებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებები და ეს ფორუმიც, დარწმუნებული ვარ, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის შესანიშნავი პლატფორმა იქნება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"