ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2018

რუსებმა კავკასიაში ბოლო 30 წლის ყველაზე დიდი წვრთნები დაიწყეს, 4-მა ვერტმფრენმა ოკუპაციის ხაზი გადმოლახა

მთავრობამ ლარის კიდევ უფრო გაუფასურება დაგეგმა

***

რუსებმა კავკასიაში ბოლო 30 წლის ყველაზე დიდი წვრთნები დაიწყეს, 4-მა ვერტმფრენმა ოკუპაციის ხაზი გადმოლახა

“გუშინ რუსეთმა კავკასიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო. დილას კი რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, კონფლიქტის ზონა გადმოკვეთეს და სოფელ მეჯვრისხევში გამოჩნდნენ. 4 რუსული ვერტმფრენი ადგილობრივებმა შეამჩნიეს. მათი ინფორმაციით, მათ მეჯვრისხევს წრე დაარტყეს და ისევ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ”, -წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსებმა კავკასიაში ბოლო 30 წლის ყველაზე დიდი წვრთნები დაიწყეს, 4-მა ვერტმფრენმა ოკუპაციის ხაზი გადმოლახა

"არსებობს თუ არა ხელახალი ინტერვენციის საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ, რისთვის ემზადება რუსეთი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის საზღვრებთან? ანალიტიკოსები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ თუ მათი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის ჩამონათვალს გადავხედავთ, ეს ნამდვილად კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნებია. თუმცა საქართველოში ხელახალი სამხედრო ინტერვეციის საფრთხეს გამორიცხავენ. მათი აზრით, ამის ინდიკატორები და ფონი არ შეიმჩნევა, მაგრამ მსგავსი ფართომასშტაბიანი წვრთნების დროს პროვოკაციის საფრთხე იზრდება და საქართველო მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს. რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგანგებო წვრთნები რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთის, ყუბანის, სტავროპოლისა და დაღესტნის ტერიტორიაზე დაიწყო, ასევე, სომხეთის ტერიტორიასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში. ოფიციალური ინფორმაციით, მანევრებში ჩართული არიან რუსეთის 58-ე და 49-ე არმიები, სამხედრო ავიაცია და კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ფლოტები“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთის არმიის სამხრეთის ფედერალური ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალეკსანდრ დვორნიკოვი აღნიშნავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთისთვის ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნებია კავკასიაში."ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომელშიც გამოყენებული იქნება საბრძოლო მოქმედების ყველა ახალი ფორმა და მეთოდი, მათ შორის სირიაში მიღებული გამოცდილების მიხედვით", - განაცხადა მან. რუსული მედიის ინფორმაციით, ტაქტიკურ ეპიზოდებში, სხვადასხვა ეტაპზე წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რვა ათასი სამხედრო მოსამსახურე. მანევრებში ჩართული იქნება 2.5 ათას ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა, 20 თვითმფრინავი და 60-ზე მეტი ვერტმფრენი. წვრთნების ძირითადი ამოცანაა სახმელეთო ძალების, საბრძოლო ავიაციისა და სამხედრო ფლოტის კოორდინირებულად მოქმედების დახვეწა ზღვისპირა, მთიან და ტყიან მასივებში საბრძოლო ოპერაციის ჩატარებისას."წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება საჯარისო დაჯგუფებების გადაადგილება და პოზიციების დაკავება სხვადასხვა მანძილზე - 100-დან 1 500 კმ-მდე; დამუშავდება მათი ურთიერთქმედებისა და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო საბრძოლო მოქმედებების წარმართვის საკითხები."მეორე ეტაპზე მეთაურები და შტაბები დაიწყებენ ჯარის შერეული დაჯგუფებების მართვას თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას, რომელთა სცენარიც ცვალებადი სასწავლო-საბრძოლო ვითარების მიხედვით იქნება შედგენილი", - აცხადებენ რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქში“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთან, მათ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს წვრთნები რუსეთის სამხრეთ საზღვრების სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტარდება. ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს არის სამხრეთ მიმართულებაზე ჩატარებული სწავლება, რომელიც თავისი მასშტაბით გამოირჩევა. მსგავსი მასშტაბის იყო 2008 წლის ომის წინ ჩატარებული წვრთნები "კავკაზ 2008", სადაც 58-ე არმია სრულად მონაწილეობდა და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზღვრებთან წვრთნები მიმდინარეობდა. გენერალი ამბობს, რომ თუ ტექნიკის ჩამონათვალს ყურადღებას მივაქცევთ, ეს წვრთნები მართლაც მასშტაბურია."ისეთი მეზობლის მხრიდან, როგორიც რუსეთია, ნებისმიერი სამხედრო მასშტაბური მანევრები გამოწვევაა. მსგავს წვრთნებს მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაშიც რომ ატარებდეს, ესეც კი გამოწვევა იქნებოდა და მეზობელი ქვეყანა საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ. "მიღებული პრაქტიკაა, რომ წვრთნების დროს მეზობლებს აფრთხილებენ და დამკვირვებლებს იწვევენ, რათა საფრთხის ყველანაირი ეჭვი მოიხსნას. ეს არის მეგობრული პოლიტიკა, რათა მეზობელ ქვეყნებს შორის ნდობის ფაქტორი მაღალი იყოს. თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი არც დასავლეთ-აღმოსავლეთით და არც ჩრდილოეთ-სამხრეთით არავის ერიდება."ფონი იმისა, რომ რუსეთი წვრთნების პარალელურად საოკუპაციო საზღვარს გადმოლახავს და აგრესიაა მოსალოდნელი, არ ჩანს. თუმცა მსგავსი წვრთნები ყოველთვის მეზობელი ქვეყნის გამოწვევა ხდება."რაც შეეხება ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევას, ეს არის ისევ და ისევ არამეგობრული და მტრული დამოკიდებულება, თუ ეს ფრენა არ არის რაიმე ტექნიკური პრობლემით გამოწვეული, თუმცა ასეთ შემთხვევაში ამის შესახებ უნდა განაცხადონ. მსგავს ქმედებას რუსები დიდი ქვეყნების მიმართაც არ ერიდებიან. ეს რუსეთის ჩვეულებრივი ხელწერაა", - განაცხადა სალუქვაძემ "რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

"მისივე თქმით, იმის ინდიკატორები და ფონი არ ჩანს, რომ რუსები საოკუპაციო ზოლს გადმოკვეთენ და საქართველოში სამხედრო ინტერვენციას კვლავ დაიწყებენ. ასეთი პირდაპირი სიგიჟე, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე, რადგანაც მსგავს აგრესიას სერიოზული პროვოკაციები და საინფორმაციო პროპაგანდის მომზადება უძღვის წინ. კავკასიოლოგი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს არის ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელიც დაგეგმილი იყო. თუმცა თარიღი უცებ გამოაცხადეს, რაც გასაკვირი არ არის. რუსეთის სამხედრო ლოგიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავსი წვრთნები მოულოდნელად ცხადდება, რათა ჯარების მზადყოფნის ფაქტორი გადამოწმდეს. არეშიძე ამბობს, რომ წვრთნების შესახებ ინფორმაცია არსებობდა, თუმცა სექტემბერში რომ იქნებოდა, ეს არავინ იცოდა. კონფლიქტოლოგის აზრით, ეს წვრთნები იმის გაგრძელებაა, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო, მანამდე კი უკრაინისა და ბელარუსის საზღვართან ჩატარდა. "რუსული იდეოლოგია დაფუძნებულია იმაზე, რომ მსოფლიოს მისი უნდა ეშინოდეს. ეს ძალის დემონსტრირება და წვრთნებიც ამის მაგალითია. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი არაპროგნოზირებადია და, აქედან გამომდინარე, მსოფლიოს შეშფოთებაც რეალურია", - აცხადებს არეშიძე. მისივე თქმით, სოფელ მეჯვრისხევში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ეს პირველი შემთხვევა არ იქნება და უფრო მეტია მოსალოდნელი, ამის მიზეზად კი ანალიტიკოსი საფრანგეთის მხრიდან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვითი ტექნიკის პომპეზურად გადაცემას ასახელებს. მისი აზრით, რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემა ფიქციაა. მას უნდა, პოლიტიკურად დაამტკიცოს, რომ მსგავსი საჰაერო სისტემები ვერ შეაშინებს. არეშიძეს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს ცივი გონებით უნდა შევხედოთ და ისტერიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. დიპლომატიური არხებით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მისი განცხადებით, ჯერჯერობით ახალი ომის საფრთხის ნიშნები არ ჩანს. რუსებს სამხედრო ინტერვენციის წამოწყება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მაგრამ ამის საჭიროება მოსკოვისთვის დღეს არ არსებობს“, - წერს სტატიის ავტორი.

მთავრობამ ლარის კიდევ უფრო გაუფასურება დაგეგმა

"2019 წელს მთავრობას ლარის კიდევ უფრო გაუფასურება აქვს დაგეგმილი. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლარის მიმართ 2.63 იქნება. კურსი, რომელიც მოსახლეობისათვის საგანგაშოა, ოპტიმისტურად მიაჩნიათ სფეროს სპეციალისტებს. მათი აზრით, თუ ხელისუფლება შეძლებს, 2019 წელს ლარი 2.63-ს არ გადასცდეს დოლარის მიმართ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, მთავრობამ ლარის კიდევ უფრო გაუფასურება დაგეგმა / გაისად კურსი 2,55-2,75-ის ფარგლებში იტრიალებს და ესეც უკეთეს შემთხვევაში

"მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2019 წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება. პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 19.715 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი - 15.315 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი 4 მლრდ-ს გაუტოლდება. გარდა ამისა, როგორც პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით. საყურადღებოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,59-ის ნიშნულზეა. შესაბამისად, წელს კურსი 2,40-სა და 2-60-ს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, გაისად ლარი დოლარის მიმართ 2,55-დან 2,75-ის დიაპაზონში იტრიალებს, რაც მოსახლეობისა და ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. გაძვირდება საწვავი, პროდუქტები, მედიკამენტები და ბოლოს კომუნალური გადასახადები“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სემეკმა 3 წლით დადგენილი ტარიფებიდან წლის ბოლომდე დენის საფასურის გადათვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკვე განაცხადა. გადასახადის ოდენობა მაშინ დადგინდა, როცა 2.50-ზე იანგარიშებოდა საპროგნოზო მაჩვენებელი. გაისად, როდესაც კურსი სტაბილურად 2,65-ს მიაღწევს, სხვა პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, სავარაუდოა, რომ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიები მოითხოვენ ტარიფის კიდევ ერთხელ დაანგარიშებას. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ბიუჯეტის პროექტში ჩაწერილი ლარის გაცვლითი კურსის (2.63) მთელი 2019 წლის განმავლობაში შენარჩუნებას ეჭვის თვალით უყურებს და იხსენებს, რომ ლარი ყოველთვის უფრო მეტად უფასურდებოდა, ვიდრე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით იყო ნავარაუდევი. "როგორც წესი, საპროგნოზო მაჩვენებელი ყოველთვის სავარაუდოა და არასოდეს ემთხვევა ზუსტ რეალობას, რომელიც შემდეგ წელს დგება ხოლმე. მათ მოლოდინი აქვთ, რომ ლარი შენარჩუნდება 2.63-ზე. პრინციპში, დღესაც ეს მდგომარეობაა. მოდი, ვთქვათ ასე, თუ ლარი შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, რაც საპროგნოზო მაჩვენებლით ერონულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ გვითხრეს, ის იქნება ძალიან კარგი, ე.ი. მომავალ წელს გვექნება სტაბილური ლარი, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელს ყოველთვის აჭარბებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტემპი", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"დაგეგმილ მაჩვენებელს საეჭვოდ მიიჩნევს საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილიც. როგორც ის "რეზონანსთან" აცხადებს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ეს პროგნოზი თუ გამართლდება, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება ქვეყნისათვის. "მთავრობა ლარის კურსს ადგენს იმის მიხედვით, თუ რა შემოსავლის მიღებას ელის და როგორ აქვს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა. მართალია, ეს ვარაუდი იშვიათად მართლდება, მაგრამ იგი ნამდვილად საორიენტაციოა მთელი წლის განმავლობაში. ეგზოგონური და შიგა ფაქტორების გამო ეროვნული ვალუტა მეტად უფასურდება ხოლმე, ვიდრე ეს ოფიციალურ მაჩვენებლებშია ასახული. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ინფლაციური რისკი საკმაოდ მაღალი იქნება და ამ დროს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესი", - აღნიშნა "რეზონანსთან" მიხეილ თოქმაზიშვილმა. ეკონომიკურ გუნდს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა ამაზე მეტად გამყარდება. კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, რომ ტრენდი დოლარი/ლარის კოტირებისა, აღმავალია. სტაბილურობის შენარჩუნება 25 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო იანვრიდან ისევ გაუფასურების ტენდენცია წავა."ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტში 2.63 ნიშნული ჩადო, ნიშნავს, რომ ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულზე გადადის. რაც შეეხება ლარის პროგნოზს, უახლოესი 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ დაახლოებით 2.72 ნიშნულზე იქნება", - აცხადებს შენგელია“, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი