სოფიო ვერძეული - ლევან ყიფიანის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ ის ხელისუფლებას თავის დაძვრენაში ეხმარება

სამთავრობო გუნდის ყოფილი წევრი თუკი საუბრობს იმაზე, რომ თაღლითური სქემების შექმნაში მონაწილეობდა, ეს არავისთვის შვება და ნაკლები დისკომფორტი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა „ომეგა ჯგუფისა“ და ლევან ყიფიანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

სოფო ვერძეულის თქმით, ლევან ყიფიანის გუშინ გაკეთებული განმარტებები სატელეფონო საუბრების შინაარსთან დაკავშირებით მისთვის არადამაჯერებელია და აჩენს ეჭვს, რომ ლევან ყიფიანი ეხმარება ხელისუფლებას „სიტუაციიდან თავის დაძვრენაში“.

„ამ განცხადების შინაარსი ჩემთვის სრულიად არადამაჯერებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამდენი დღეა გასული კადრების და ჩანაწერების გამოქვეყნებიდან. ამდენი დღის შემდეგ ადამიანი აკეთებდეს განცხადებას და საუბრობდეს იმაზე, რომ ყოფილი სამთავრობო კაბინეტის წევრი ფაქტობრივად მძიმე თაღლითური სქემების შექმნაში მონაწილეობდა, ეს განცხადება არის გაუგებარი, არადამაჯერებელი და მთლიანად კონტექსტის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ვერსიის შემოტანის თუ მიმართულების შეცვლის მცდელობაა საქმესთან დაკავშირებით.

სამთავრობო გუნდის ყოფილი წევრი თუკი საუბრობს იმაზე, რომ თაღლითური სქემების შექმნაში მონაწილეობდა, ეს არავისთვის შვება და ნაკლები დისკომფორტი არ უნდა იყოს. ამის მიუხედავად მგონია, რომ ეს ვერსია არის სუსტი და არადამაჯერებელი.

პირველივე დღეებიდან ველოდით ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლებიდან და ეს ვერ ვნახეთ. ამ კონტექსტში ეს განცხადება აჩენს ეჭვს, რომ ლევან ყიფიანი ეხმარება ხელისუფლებას ერთგვარად თავის დაძვრენაში. ფაქტია, ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები მოლოდინია, რომ გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა“,-განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ცნობისთვის, სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილს დავალიანება ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან და ამ გზით ცდილობდა ის ვალდებულებების შესრულების გადავადებას.

გარდა ამისა, ყიფიანმა კატეგორიულად უარყო ოქუაშვილის ინფორმაცია ე.წ. სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებით და მას სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდა.

ლევან ყიფიანი ზაზა ოქაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის გარდა, გეგმავს პროკურატურასაც მიმართოს და ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს