ქართული პრესის მიმოხილვა   06.10.2018

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ოცნების” შავ საქმეებს აგვარებს

კრემლის უპრეცედენტო თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - რას ნიშნავს რუსეთიდან წამოსული მუქარა

გია ხუხაშვილი - “გამოკითხვები ჩვენთან ტარდება ასე: ვინც ფულს იხდის, ის იგებს”

ფელგენგაუერი - “რუსეთი მზადაა, სწრაფად მივიდეს ბერლინამდე და მის იქითაც”

* * *

ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ოცნების” შავ საქმეებს აგვარებს

“რა ვიცით, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც პირველად 2013 წლის 7 ნოემბერს მთავარი პროკურორის რანგში გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ 2 თვით, რადგან დიდი სკანდალის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება და ამის შემდეგ 5 წელია, მისი სახელი მუდმივად ახალ-ახალ სკანდალებთანაა დაკავშირებული. ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძე “ქართული ოცნების” შავი საქმეების მომგვარებელია და ამიტომაცაა ხელშეუხებელი. არაფორმალური მმართველობა, ბიზნესრეკეტი, ძალადობა, იძულება, მუქარა, კორუფცია - სხვადასხვა დროს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ გამოთქმული ამ ბრალდებების მიუხედავად, პროკურატურას მისთვის ბრალდება არც ერთ საქმეზე არ წარუდგენია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ოცნების” შავ საქმეებს აგვარებს.

“ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებულ მხოლოდ ერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში - ლაშა თორდიას ცემის საქმეზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც, საქმე ჯერ ისევ ძიების სტადიაშია და ბრალი არავის არ აქვს წაყენებული... ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დაინიშნა 2013 წლის 7 ნოემბერს, 30 დეკემბერს კი მან თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა და ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა მისი გადაყენება მოითხოვეს. ერთ-ერთი სკანდალი მის დიპლომს ეხებოდა, რომლის მიღებაც 19 წლის ასაკში შეძლო და ბრალდებოდა, რომ მთავარ პროკურორს დიპლომი გაყალბებული ჰქონდა. გარდა ამისა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა, რომ 2001 წელს იგი გერმანიაში ბოტასების მოპარვის გამო იყო ნასამართლევი. ეს თავადაც დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამას გარდა, ფარცხალაძე პროკურორობის 2-თვიან პერიოდშიც გაეხვია სკანდალში. საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძის დავალებით საკნიდან გაიყვანეს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. გამოძიება მოგვიანებით, 2016 წელს, დაიწყო, მაგრამ 2017 წლის თებერვალში შეწყდა, ფაქტის დაუდასტურებლობის მიზეზით. შემდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და მისი არასათანადოდ გამოძიება დაადგინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მთავარი პროკურორობიდან გათავისუფლების შემდეგ იყო ბრალდება, რომ ფარცხალაძეს ფინანსური პოლიციის კუთვნილი ავტომობილი ემსახურებოდა, რაც დასტურდებოდა ფოტოებითაც. თუმცა საგამოძიებო სამსახური ამ ფაქტს უარყოფდა. ფარცხალაძის სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა 2017 წლის მაისში, როდესაც ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას თბილისის ერთ-ერთ კლუბში თავს დაესხა. თავდასხმის ამსახველი ვიდეოც გასაჯაროვდა, პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ძიება ჯერ არ დასრულებულა. მაშინ ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახური ფარცხალაძესა და მერიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებს იკვლევდა, სადაც ფარცხალაძეს 2 მილიონი ლარი აჩუქეს კომპენსაციის სახით და სწორედ ამის გამო დაესხნენ თავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პროკურორობისას შევსებული დეკლარაციით, ფარცხალაძე ფლობს: თბილისში 150 კვ.მ ბინას, მისი ცოლი ფლობს საცხოვრებელ სახლს 76 კვ.მ ფართით. ფარცხალაძის საბანკო ანგარიშებზე ირიცხება 30 000 ლარი. ამავე პერიოდში მას 100 000 დოლარის იპოთეკური სესხი და 20 000 დოლარის კრედიტი აქვს აღებული. 2017 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ოთარ ფარცხალაძის ქონებისა და ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და, ამ მონაცემებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ქონება, 2017 წლის მაისის მდგომარეობით, რამდენჯერმეა გაზრდილი - რა ქონებას ფლობდა ფარცხალაძე 2017 წელს: მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში სამი ბინა, კოსტავასა და ყიფშიძის ქუჩებზე, რომელთა ფართიც, ჯამში, 220 კვ.მ-ია; ყიფშიძეზე ორი კომერციული ფართი, ჯამში, 305 კვ.მ; ორი კომერციული ფართი ფალიაშვილზე, ჯამში, 479 კვ.მ; მშენებარე ბინა თბილისში (77,5 კვ.მ), დაბა ბაკურიანში ორი ბინა, ჯამში, 51 კვ.მ; ტაბახმელაში, სოფელ წავკისში, 4089 კვ.მ 4 მიწის ნაკვეთი. გაზრდილია მისი ცოლის ქონებაც. მის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში სამი ბინა, ჯამში, 251,9 კვ.მ; ორი ავტოსადგომი, ჯამში, 31,2 კვ.მ და ბინა ბათუმში 44,12 კვ.მ.” - დასძენს გამოცემა.

“ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ყოფილი მთავარი პროკურორის ბიზნესსაქმიანობის შესახებაც. მან 2015 წლის სექტემბერში “როიალ დეველოპმენტის” 40%-იანი წილი იყიდა 50 დოლარად, 2016 წლის ივნისში კი გაყიდა 155 000 დოლარად. 2014-2016 წლებში ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს “მიტერას” 100% იყიდეს 2500 დოლარად და 2016 წლის აგვისტოში გაყიდეს 65 000 დოლარად. 2016 წლის ივნისში იყიდა შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% 235 000 დოლარად, შეძენილი ქონების საერთო ღირებულება კი 1,1 მილიონ დოლარს შეადგენდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მერიასთან კორუფციული გარიგების საქმის კვლევის გამო დაესხა თავს და ეს საქმე სწორედ მისი მიერ ნაყიდ შპს “ბი-ეს-არ-სი-დი-ჯი დეველოპმენტს” შეეხებოდა. ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებულ აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ მერიამ ფარცხალაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ ნაყიდ კომპანიაზე 2,6 მილიონი ლარის კომპენსაცია გასცა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, როცა მისი საბაზრო ღირებულება, მაქსიმუმ, 600 000 ლარი იყო, ხოლო ამ კომპანიის თავდაპირველი მფლობელი, რომელიც 2012 წელს გზის გაყვანის შედეგად დაზარალდა, 4 წელი უშედეგოდ ითხოვდა მერიის მხრიდან კომპენსაციას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ოთარ ფარცხალაძის სახელი ბოლოს ფარულ ჩანაწერებში გამოჩნდა და ბიზნესრეკეტისა და სპორტის ყოფილი მინისტრის - ლევან ყიფიანის სარდაფში შესაძლო ჩაკეტვისა და ცემის სკანდალს დაუკავშირდა. “ომეგა ჯგუფის” მფლობელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით ოთარ ფარცხალაძე მას 4 მილიონ ლარსა და სიგარეტის ბიზნესიდან წილს სთხოვდა. შუამავლის როლი ლევან ყიფიანს ჰქონდა დაკისრებული და იმის გამო, რომ იგი ამ საქმის იმდროინდელ პრემიერ კვირიკაშვილთან გარკვევას შეეცადა, ფარცხალაძემ “არასწორი სიარულისთვის” დასაჯა, სარდაფში ჩააგდო შიშველი, სასტიკად სცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. ლევან ყიფიანმა ჩანაწერის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ კატეგორიულად უარყო, რომ ფარცხალაძესთან რაიმე კონფლიქტი მოუვიდა და დააანონსა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელსაც შეიტანდა. სარჩელი ჯერ შეტანილი არ არის. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება ცალკე არ დაიწყება და ეს ეპიზოდი დაერთვება “ომეგა ჯგუფის” საქმეს, სადაც ყველა გასაჯაროვებული ჩანაწერი ერთადაა თავმოყრილი. თავად ფარცხალაძე, ამ ბრალდებების ნიაღვრის მიუხედავად, მედიასთან არ გამოჩენილა, არც რაიმე განცხადება გაუვრცელებია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

კრემლის უპრეცედენტო თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - რას ნიშნავს რუსეთიდან წამოსული მუქარა

“უპრეცედენტო საინფორმაცია თავდასხმა და პირდაპირი მუქარა რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის გამო. რატომ გააქტიურდა რუსეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაბორატორიის წინააღმდეგ, რა მიზანს ემსახურება კრემლის დეზინფორმაცია და მსგავსი შეტევა რა საფრთხეების მატარებელია? ანალიტიკოსები რუსეთიდან წამოსულ მუქარაზე საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ არსებობს კიბერთავდასხმის საშიშროება, რასაც კრემლი ლაბორატორიის წინააღმდეგ გამოიყენებს. საექსპერტო წრეებში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ მიზნად სკრიპალის საქმეს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ კრემლი ამ კუთხით საერთშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ლუგარის ლაბორატორიაზე ცდილობს. მთავარი სამიზნე კი ამერიკაა. უახლოეს წარსულში ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიის ახალი ტალღა მარტში სკრიპალების მოწამვლის პარალელურად გაჩნდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიანიშნა, რომ ნოვიჩოკი ბრიტანეთში სწორედ საქართველოდან მოხვდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კრემლის უპრეცედენტო თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე: რას ნიშნავს რუსეთიდან წამოსული მუქარა.

“უკვე რამდენიმე თვეა ლაბორატორია რუსული მედიის და ხელისუფლების მხრიდან მორიგი შეტევის ობიექტი გახდა. ახლა ამ საქმეში უკვე რუსი გენერლები ჩაერთვნენ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს. სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტები მოიპოვეს. დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ პათოგენებს ამუშავებენ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი წყაროების გარდა, იგორ გიორგაძის განცხადებებსაც ეყრდნობა. დოკუმენტები პირველმა საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრმა გაასაჯაროვა. გიორგაძე აცხადებდა, რომ საიდუმლო მასალების მას საგანგებოდ ჩაუტანეს. ლაბორატორიის ირგვლივ სკანდალი განახლდა 13 სექტემბერს. რუსულ ტელეარხებზე მომზადდა რეპორტაჟების სერია, რომელიც მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექსმინისტრ იგორ გიორგაძის პრესკონფერენციას უკავშირდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყოფილი მინისტრი, ვინც საქართველო 20 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა, პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ აშშ-ის მხარდაჭერით აშენებულ ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება. გიორგაძის თქმით, საუბარია ცე-ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს იმ მოქალაქეებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე, რომლებიც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდნენ. მან ჟურნალისტებს წარუდგინა 30-კაციანი სია, რომლებიც ცე-ჰეპატიტზე მკურნალობას გადიოდნენ, საიდანაც 24 ერთ დღეს გარდაიცვალა. ეს დოკუმენტი ინგლისურ ენაზეა შევსებული და მას ხელს ჯანდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ხატელიშვილი აწერს. დოკუმენტები 2015 წლით არის დათარიღებული. გიორგაძე ითხოვს, რომ ეს დოკუმენტები და მასალები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ - შსს-ის, ხოლო 2012 წლის მერე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო მისი უშუალო განმკარგველი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძეა. რუსი ჟურნალისტები და სამხედროები ამტკიცებენ, რომ ამერიკა საქართველოდან რუსეთზე ბიოშეტევის განხორციელებას გეგმავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოდან გასული დოკუმენტები პირველად ბულგარელი ჟურნალისტის გაიტრანჯიევას ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველოში ბიოლოგიური იარაღს აწარმოებენ. დავით სერგეენკოს უწყებაში დღეს ქვეყნის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე განმარტებები აღარ გაუკეთებიათ, გასულ კვირას კი მინისტრი აცხადებდა, რომ მისი უწყება კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. “ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ონიშონკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და ნაბოდვარს ნამდვილად არ ვუპასუხებდით, მაგრამ ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში ამ საკითხზე პრესკონფერენციები გამართეს, ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. “ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის თქმით, “ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა”, - დასძენს გამოცემა.

“სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი”, - განმარტა გამყრელიძემ. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს და საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს. როგორც ჟურნალისტებს შარაშენიძემ განუცხადა, წესით, რუსეთის მსგავსი ბოდვის არავის არ უნდა სჯეროდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მით უმეტეს რუსეთის დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ ყოფილა. ბოლო პერიოდში, რუსეთი ბევრ სკანდალში გაეხვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებისა და მოწამვლის სკანდალში, “სკრიპალის საქმეს” ვგულისხმობ. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ამბის გადაფარვას ცდილობს და სურს, ამერიკას შეედავოს, რომ საქართველოში ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს. ალბათ იმის იმედი აქვს, რომ საქართველოში ზოგიერთი არაინფორმირებული ადამიანი ამას დაიჯერებს, მით უმეტეს, არჩევნების წინ. ცდილობენ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები დანერგონ. ამით რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს, კარგად ხვდებით. ასეც რომ არ იყოს, შიზოფრენიითა და შეთქმულების თეორიებით ანტიამერიკული განწყობების დათესვა ახალი არ არის და სამწუხაროდ, ხანდახან მუშაობს ხოლმე”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

გია ხუხაშვილი - “გამოკითხვები ჩვენთან ტარდება ასე: ვინც ფულს იხდის, ის იგებს”

“ვინც ფულს იხდის, ის იგებს. ჩვენთან ასე ტარდება გამოკითხვები. “ევროპული საქართველოს” რეალური მხარდაჭერა არის ორჯერ ნაკლები, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”. ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობას” ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ბაქრაძეს. ბაქრაძემ გადაიხადა ფული და ვაშაძე რანაირად უნდა გასულიყო პირველ ადგილზე?” - აცხადებს “რეზონანსთან” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ვინც ფულს იხდის, ის იგებს. ჩვენთან ასე ტარდება გამოკითხვები” - ხუხაშვილი.

“ევროპული საქართველოს” დაფინანსებით კომპანია ბიჯისი-მ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, სადაც ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 29.1%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს კი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 27.5%-ით იკავებს. “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი 20.8%-ით მესამე ადგილზეა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერს 9.1% აქვს, კატეგორია “სხვა” კი 7.4%-ია. კვლევის თანახმად, კითხვაზე რომელ კანდიდატს არ მისცემდა ხმას არასდროს, - სალომე ზურაბიშვილი 35.3% ლიდერობს. გრიგოლ ვაშაძეს 10.6% აქვს, შალვა ნათელაშვილს - 7.8%, დავით ბაქრაძეს - 6.1%. გამოკითხვაში სულ 1 505 ადამიანი მონაწილეობდა. აქედან 62% აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება აიპიენ.ჯი-ზე, ამბები.ჯი-სა და კვირისპალიტრა.ჯი-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანიდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია, თითოეული 28-28%-ით ლიდერობს. ამ უკანასკნელ გამოკითხვაში სულ 24 638-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამ კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძემ და “გირჩის” კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ 6-6% მიიღეს. დავით უსუფაშვილმა 12%, კატეგორია “სხვა” კი 20%-მა აირჩია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ გამოკითხვის შედეგებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ ტიპის გამოკითხვა მეცნიერულად ვერ ჩაითვალება სწორად. როდესაც რაიმე გამოცემა ატარებს ონალაინ გამოკითხვას, მას მომხმარებლის თავისი სეგმენტი ჰყავს და ეს გამოკითხვა იმ სეგმენტში მიმდინარეობს და არ ხდება საზოგადოებრივი აზრის გაგება მთელი მასშტაბით... ეს არ არის არჩევნები, სადაც ამომრჩეველს რამეს ეკითხებიან. ეს არის რესურსების არჩვენები; ამომრჩეველს რეალურად არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი არ მოსწონს, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი მზად არის, რომ ერთჯერადად გაიყიდოს; ერთჯერადი კონტაქტით გადაუგდოს ვიღაცას ხმა. ამ ერთჯერად კონტრაქტს მიიღებს ის, ვინც მეტს გადაიხდის. ასე რომ, ხელისუფლებას აქვს უპირატესობა. არა იმიტომ, რომ მას მხარდამჭერები ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ მეტის გადამხდელია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “თუკი აღნიშნულ რესურსებს გამოვრიცხავთ?..” - პასუხობს:

“ვერ გამოვრიცხავთ, სამწუხაროდ, რადგან ეს არის რესურსების არჩევნები”

ფელგენგაუერი - “რუსეთი მზადაა, სწრაფად მივიდეს ბერლინამდე და მის იქითაც”

“კრემლი ახალ ტაქტიკაზე - მასობრივ დივერსიებზე - გადასვლას იწყებს, რომლის სამიზნეც იქნებიან “დასავლელი ლიდერები, პოლიტიკოსები, პარტიების ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, სამხედროები, ხელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ზოგადად, ნებისმიერი ცნობილი ადამიანი” - აცხადებს რუ.დელფი-სთან ვრცელ ინტერვიუში რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი. მან ქართველებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ 2008 წელს, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის ემზადებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რუსეთი მზადაა, სწრაფად მივიდეს ბერლინამდე და მის იქითაც” - რუსი ექსპერტი, რომელმაც აგვისტოს ომი იწინასწარმტყველა.

“ფელგენგაუერი აღნიშნავს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთის აღმოსავლეთით ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება “აღმოსავლეთი 2018”, რომელშიც 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იყო ჩართული იყო ე.წ. ომის თამაშები და ამაშია პრინციპული განსხვავება - “ეს არის პირდაპირი მომზადება ფართომასშტაბიანი ომისთვის და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა, სწრაფად მივიდეს ბერლინამდე და მის იქითაც”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დასავლეთში, ნატო-ში, სულ უფრო მეტს საუბრობენ კრემლის აგრესიული ქცევის შესახებ და უნდა ეშინოდეს თუ არა დასავლეთს უშუალოდ თავის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, თუ სკრიპალების ისტორია ეს უფრო ერთეული შემთხვევაა ექსპერტი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - “დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ჩვენ მართლაც მივდივართ დიდი ომისკენ, მაშინ დივერსიული ოპერაციები მასობრივი გახდება. დაიწყება მოწამვლა, მკვლელობები დასავლელი ლიდერებს, პოლიტიკოსების, პარტიების ხელმძღვანელების, პარლამენტის წევრების, სამხედროების, ხელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლების, ზოგადად, ნებისმიერი ცნობილი ადამიანის”, - “ამბობს პაველ ფელგენგაუერი, რომლის მტკიცებით, “ეს არის ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში, ათწლეულებია იყო დაგეგმილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ მიზნით შეიქმნა გრუ-ს და გენშტაბის ბრიგადები. ისინი არიან დივერსანტები. დაიწყებს თუ არა რუსეთი დივერსიებს და იქნება თუ არა საშიში - ამის მთავარი კრიტერიუმი დიპლომატიური ურთიერთობების დონის მკვეთრი შემცირებაა. ეს კი მოსალოდნელია, რადგან აშშ სკრიპალების საქმის გამო გეგმავს დეკემბერში შეამციროს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები და თუ ეს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაზვერვის ოფიცერთა ნაწილი, რომლებიც საელჩოს “სახურავის” ქვეშ მუშაობენ, სახლში წავა და მათ ადგილს ე.წ. მძინარე აგენტები დაიკავებენ. როდესაც არ არსებობენ დიპლომატები, ხოლო ომი არ დაწყებულა, იწყება “განსაკუთრებული” პერიოდი და ე.წ. მიძინებული აგენტები იწყებენ დივერსანტებისთვის ბრძანებების გაცემას, რომლის ამოცანაა პოლიტიკური დესტაბილიზაცია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოკლავენ ”, - ამბობს რუსი ექსპერტი, რომლის განმარტებით, “მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ საზოგადოებაში შეიქმნას პანიკა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა დაკარგოს, როდესაც რუსული ტანკები წავლენ წინ”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა