გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ჭიათურაში, იმერეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის.
ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა, გაგა ოსიაშვილმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.
„სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივი ჯგუფისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.
მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფმა გამოსცა ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე საცნობარო ლიტერატურა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაეცათ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრები ფერმერებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"