ISFED  - ფარული ჩანაწერები და ბრალდებები, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიშის თანახმად, ფარული ჩანაწერები და ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში მოქმედებს სახელისუფლებო პარტიის დაფინანსების სავარაუდო სქემა, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის საანგარიშო პერიოდს (9-30 სექტემბერს) დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს.

„ასეთ პირობებში აშკარაა, რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”,- ნათქვამია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად,“9-30 სექტემბრის განმავლობაში შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხირდან „ფეისბუქის“ პირადი პროფილებიდან სამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია.

„გვხვდებოდა როგორც პირდაპირი აგიტაციის, ასევე სალომე ზურაბიშვილის ოპონენტების დისკრედიტაციისადმი მიმართული პოსტები. ამასთან ერთად, დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებები რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, რაც აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს”,- ნათქვამია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც. კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო მიზნით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ასევე ადგილობრივი პედაგოგებისა და სხვა საჯარო მოხელეების სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე სავარაუდო მობილიზების შემთხვევები.

„ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის შემთხვევები. დაფიქსირდა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები. შეინიშნება ოპოზიციური კანდიდატების სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც.

საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებულია 25 კანდიდატი.

ISFED მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში შემავალი კვალიფიციური პარტიების 5 საპრეზიდენტო კანდიდატიდან 4-ს არ აქვს არჩევნების მოგების ინტერესი და მიზნად ისახავს მხოლოდ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას საარჩევნო კანონმდებლობით კვალიფიციური პარტიებისთვის დადგენილი შეღავათების და სარგებლის მიღების გზით. ე.წ. „ტექნიკური კანდიდატის“ მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც”,- ნათქვამია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების” საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ წარადგინა. ანგარიშის თანახმად, 9-დან 30 სექტემბრის პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების -1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -1; აგიტაციის წესების დარღვევის -12; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების -9; კამპანიისთვის ხელის შეშლის -8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების -14 ფაქტი დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა