გედევან ფოფხაძე - სიმართლის გასარკვევად საჭიროა სამართლებრივი ფორმები და არა იმის დაბრალება, ვინ უფრო დამნაშავეა და ვის უფრო მეტად გარეკავს ხალხი ფიწლებით

სიმართლის გასარკვევად საჭიროა რეალური სამართლებრივი ფორმები და არა ისეთი, რომელიც მერე გადაიზრდება პოლიტიკურ კამათში და იმის დაბრალებაში, ვინ უფრო დამნაშავეა ქართველ ხალხთან და ვის უფრო მეტად გარეკავს ქართველი ხალხი ფიწლებით,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც მთავრობის სხდომის მოწვევა და მასზე დასწრება მოითხოვა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩანაწერები, რომელიც გადის ტელევიზიით და ცალსახად ემსახურება პოლიტიკურ ამოცანას, ამასთან, მე მაინტერესებს სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. სიმართლის გასარკვევად მჭირდება რეალური სამართლებრივი ფორმები და არა ისეთი, რომელიც მერე გადაიზრდება პოლიტიკურ კამათში და იმის დაბრალებაში, ვინ უფრო დამნაშავეა ქართველ ხალხთან და ვის უფრო მეტად გარეკავს ქართველი ხალხი ფიწლებით. თუ მსჯელობების საბოლოო დასკვნა ეს უნდა იყოს, მაშინ ასეთ მსჯელობას აზრი არ აქვს. თუ ვინმეს აინტერესებს რა სისტემური პრობლემებია, მაშინ სხვა საკითხია. საზოგადოებას ბევრი პრობლემები აქვს და მისი პროვოცირება რთული არ არის. ხელისუფლებაში პრობლემები არის და კითხვები უნდა გაიფანტოს. მეც მაინტერესებს, რომ არაფორმალურ გავლენებზე კითხვები აღარ იყოს, მაგრამ ვისაც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უნდა, რომ ამ ყველაფერს არეულობა მოაყოლოს, ამ პათოსს ვერ გავიზიარებ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაუარა პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები ერთმანეთს შეადარა.

„ნებისმიერი ადამიანი, პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც გირგვლიანის და სარალიძის საქმეებს ერთ განზომილებაში დააყენებს, მე მაინც მგონია, რომ ხელოვნურად იქმნება სახელმწიფოს ნეგატიური როლი სარალიძის საქმესთან მიმართებაში. რეალობა ის არის, რომ გირგვლიანის საქმეში მთლიანად სახელმწიფო სისტემამ ჩაიდინა დანაშაული და აქ ამ ფაქტორს გამოვრიცხავ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა