ფოთში ამ დროისთვის ოპოზიციის მიერ სხვადასხვა უბანზე 19 საჩივარი დაიწერა

ფოთში ამ დროისთვის ოპოზიციის მიერ სხვადასხვა უბანზე 19 საჩივარი დაიწერა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საერთო ჯამში ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 32-ვე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. ფოთში 41 352 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
,,გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით,
დაფიქსირდა კანონდარღვევა კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილებისას.
მათივე განცხადებით, მათ წარმომადგენლებს უბნებზე უფლებები ეზღუდებათ.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„ყველა უბანი დროულად გაიხსნა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა დარღვევებზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 9 საჩივარია შემოსული“, - აღნიშნა სალომე როდონაიამ.

























