ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მსუბუქი ავტომობილით არიან მობილიზებული და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს ურიგებენ, რის გამოც მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბნებთან დილიდან არიან მობილიზებული და ამომჩევლების მოსყიდვას ცდილობენ.
ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები ბათუმის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ფიქსირდება.
როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, უბნების თავმჯდომარეებს მოქალაქეთა პირადი მონაცემები გამოაქვთ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გადასცემენ ინფორმაციას, თუ ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.
რაც შეეხება ბათუმის მე-9 უბანს, ამ დროისთვის უბანთან სიმშვიდეა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბანი დატოვეს.

























